მამუკა მდინარაძე ნუგზარ სხირტლაძეს: კანონმდებელი რომ იყოთ ყველაზე მეტად რას შეცვლიდით დღევანდელ სასამართლოში?
“მე მოვისმინე, რომ ჩემი კოლეგები პატივისცემას გიდასტურებდნენ და ასევე დაგიდასტურებთ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე”, – ასე მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ, ნუგზარ სხირტლაძეს მანამ, სანამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებებით დაინტერესდებოდა.
მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, თუ რას შეცვლიდა კანდიდატი დღევანდელ სასამართლოში, კანონმდებელი რომ იყოს, რა არ მოსწონს სასამართლო სისტემაში და რა პრობლემების წინაშე დგას ეს სისტემა.
ნუგზარ სხირტლაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საქმის განხილვის ვადებია პრობლემა. მისივე თქმით, იგი პროცესუალური ნორმების შემოღებას მიემხრობოდა.
მამუკა მდინარაძის კითხვები კანდიდატისადმი იმ საქმეების რაოდენობასაც ეხებოდა, რომლებიც დღეს განხილვას უზენაეს სასამართლოში ელოდება. იგი ასევე დაინტერესდა კანდიდატის აზრით, თუ რამდენი მოსამართლე სჭირდება იმას, რომ უზენაესმა სასამართლომ შექმნილი კოლაფსის მოსახსნელად ფუნქციონირება დაიწყოს.
კანდიდატის განცხადებით, ამას ბევრ წილად სამუშაო რეჟიმი განაპირობებს, ვინაიდან თუ ნორმალური სამუშაო რეჟიმი იქნება, მაშინ თითო პალატაში სულ მცირე ორი შემადგენლობა მაინც უნდა იყოს.
ფრაქციის ლიდერის განცხადებით, არის რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ ამ პარლამენტმა მაინც და მაინც ყველა კანდიდატი არ აირჩიოს და აქედან გამომდინარე იგი დაინტერესდა ამის თაობაზე კანდიდატის მოსაზრებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნუგზარ სხირტლაძის პასუხი იყო, რომ “შესაძლებელია ამის გათვალისწინებაც, მაგრამ ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დაკომპლექტდეს შემადგენლობა”.
კანდიდატისადმი კითხვები სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, მათ შორის, რამდენად აქვს მოქალაქეებს უფლება, რომ ხელში იარაღი აიღონ და ქვეყანაში ავტორიტარიზმს შეეწინააღმდეგონ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს გადაუხვევს; ხომ არ იყო დარღვეული სამართლიანობის პრინციპი, როდესაც მაღალი ქულის მქონე კანდიდატებს პარლამენტში წარდგომის საშუალება არ მიეცათ; განუხილავს თუ არა მისი რომელიმე საქმე სტრასბურგს; რას შეცვლიდა დღეს არსებული რეგულაციებიდან სასამართლო სისტემაში; როგორია მისი შეფასებები ქვეყანაში, სხვადასხვა პერიოდში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებზე, მმართველობის ფორმებსა და მეთოდებზე და ა. შ.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენდნენ.