„ბიზნესისთვის სახელმწიფოებრივი ხედვა ნულს ქვემოთაა“ – პეტრიაშვილი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესსექტორის პრეტენზიებს პასუხობს

ძალიან სამწუხაროა, რომ ბიზნესს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი აქვს ატეხილი, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

პეტრიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირბეით ბიზნესსექტორის პრეტენზიებს გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიზნესს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი აქვს ატეხილი. ამ კუთხით მათი განცხადებები ძალიან ზოგადია. რიცხობრივად უნდა გამოხატონ, ისე როგორც პროფკავშირები გამოხატავენ, ადამიანების რა კატეგორიას უჭირს და სადაა გამოსავალი ამ გაჭირვებისა. ეს ზოგადი ფრაზეოლოგია, რასაც ბიზნესია მიჩვეული და სამთავრობო ლაბირინთებში თავიანთი ინტერესების ლობირება და მოგვარება, არა მგონია, როცა ბიზნესი ევროპაზე საუბრობს, რაიმე ევროპულთან ახლოს იყოს. ამის ფორმატი არის შემდეგი – სამმხრივი კომისია. სამმხრივ კომისიაში უნდა მუშავდებოდეს ნებისმიერი საკითხი, ინიციატივა. პროფკავშირები ინფორმაციას დებს პრობლემებთან დაკავშირებით და ამ ყველაფერს ამაგრებს იმით, როგორია ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები ასოცირების ხელშეკრულებით, ევროდირექტივებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციით. თუ ბიზნესი იტყვის, რომ პროფკავშირები სპეკულირებს, დიახ, პროფკავშირები სპეკულირებს ამ კუთხით, კარგი გაგებით. თუ ადგილობრივი არგუმენტი საკმარისი არაა იმისთვის, რომ მოგვარდეს ამ ხალხის პრობლემა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და რომელთა უფლებები დარღვეულია, ის საკანონმდებლო სივრცეც კი არ სრულდება, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კუთხით, კარგი გაგებით ვსპეკულირებთ და ამას ვამატებთ ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს .
მეორე საკითხი, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა, გავამახვილო, ეს არის ის, რომ პრემიერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა ის, რასაც წლებია ამბობს პროფკავშირი, რომ გარკვეული ბალანსი უნდა იქნას ნანახი და პროფკავშირებთან ერთად უნდა მოხდეს ამ ინიციატივების განხილვა. ის გახლავთ ბოლო 30 წლის მანძილზე პირველი პრემიერმინისტრი, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა. პროფკავშირები იღებს ამ გამოწვევას. ბიზნესმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადოს, რაა კატასტროფა და აპოკალიფსი იმაში, რომ სამუშაო დრო ნორმირებული იყოს. რა აპოკალიფსია იმაში, რომ ზეგანაკვეთური შრომა განსხვავებული ტარიფით იქნება გადახდილი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე ადამიანების დასამონებლად იქნას გამოყენებული.

„მესამე საკითხია ის, რომ არ შეიძლება ზოგადად, ზეგანაკვეთური შრომის ნორმა დადგენილი არ იყოს. არ შეიძლება ის, რომ სიდუხჭირე, უმუშევრობა და პრობლემები, რაც ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებითაა, ეს ყველაფერი ადამიანის დასამონებლად იყოს გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ადამიანი დამსაქმებლის ყველა პირობას დათანხმდეს იმის გამო, რომ დასაქმებული იყოს. სახელმწიფომ უნდა აიღოს როლი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩარჩოში ჩასვას ეს რეგულაციები დასაქმებასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ადგილები ბევრი არაა, არ მოხდეს შრომითი ექსპლუატაცია, რომელიც 21-ე საუკუნეში მონობის ტოლფასია. ეს არის პროფკავშირების სათქმელი. ბიზნესის ზოგადი ფრაზეოლოგია, რომ ეს რეგულაციები პრობლემას შეუქმნით, ყველაფერი რიცხვებშია გამოსახატი და თქვენი მეშვეობით ბიზნესს კიდევ ერთხელ ვთავაზობ, რომ ჩვენთან ერთად დაჯდეს და ისაუბრონ. სამთავრობო კულუარებში კი ნუ დაძვრებიან და ლობირებენ იმ საკითხებს, რომელიც ცივილიზაციასთან აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში.
სამწუხაროდ, ბიზნესისთვის სახელმწიფოებრივი ხედვა არის ნულს ქვემოთ. ისინი ამბობენ, რეგულაციები ბიზნესს რა დარტყმას მიაყენებს, ანუ ამით, რას ამბობენ ? ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკას, თუ ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს? მოქალაქეს რა დარტყმა და ვნება ადგება იმ არსებული ნორმებით, რაც დღეს საქართველოშია? იქნებ ამოსავალი ადამიანი იყოს? იმიტომ, რომ ცივილიზებულობა ხომ სწორედ მაგას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ადამინის ირგვლივ, მის უფლებებზე, მის ბედნიერების ინდექსზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, „დამსაქმებელთა ასოციაციის“ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, შალვა ცხაკაიას განცხადებით შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ამის შესახებ ცხაკაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცხაკაიას თქმით, ახალი რეგუალციების მიღებამდე ამ რეგულაციების ზემოქმედების შეფასება უნდა გაკეთდეს და ცვლილებები მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს შეეხოს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.
შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.
„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები