ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით
ამ დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა ხდება, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იქნება მონაწილე და თანამონაწილე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულში, მას დაუპირისპირდება კონკრეტული სანქციები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც საქართველოს მთავრობა აფასებს.
„ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედი არის დეოკუპაცია და ის მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც არის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ აშშ უპირისპირდება ყველა იმ დანაშაულს, რომელიც შესაძლოა ჩადენილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. გარდა ამ ელემენტისა, ამ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ დღეს ოკუპაცია არის უკანონო, მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.