გიორგი კანდელაკი: ჩუგოშვილს ალბათ დაავიწყდა, რომ ჩვენი კომუნიკაციის ერთ-ერთი ღერძი საქართველოს საკითხის დასავლურ სანქციებში ინტეგრირებაა

0

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს პასუხობს. როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ ჩუგოშვილს მისი კომენტარი ყურადღებით არ მოუსმენია, რადგან მისივე თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ “ევროპული საქართველოს” კომუნიკაციის ერთ-ერთი ღერძი საქართველოს საკითხის დასავლურ სანქციებში ინტეგრირებაა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერი აქტი რომ ძალიან კარგი ამბავია, ამაზე საუბარი არ არის. რატომღაც, თამარ ჩუგოშვილს ჩემი კომენტარის ეს ნაწილი არ მოუსმენია. დიახ, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა. ახლა მთავარი საკითხია, ძალიან კარგი რევოლუცია გარდაიქმნება თუ არა პრობლემად რუსეთისთვის აღმასრულებელ დონეზე და გახდება თუ არა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ევროკავშირისა და ამერიკის სანქციების ნაწილი. თუ „ქართული ოცნება“ კონგრესის ამ სულისკვეთებას იზიარებს, მაშინ რატომ არის „ევროპული საქართველოს” რეზოლუციის წინააღმდეგი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის აქტუალიზაცია მოხდეს, რომლის ამოსავალი ღერძი იგივეა, რომ ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი შევიდეს ამერიკისა და ევროკავშირის სანქციების მოთხოვნებში“, – განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დღეს ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებას გამოეხმაურა, რომ აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი „პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს“.

ჩუგოშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციას ხანდახან მაინც უნდა უხაროდეს ქვეყნის წარმატება.

კომენტარები

კომენტარი