რომან გოცირიძე: მსგავსი აქტის მიღება პირდაპირი სიგნალია რუსეთისადმი, რომ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება თანამეგობრობის მიერ დასჯილი იქნება

მსგავსი აქტის მიღება პირდაპირი სიგნალია რუსეთისადმი, რომ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება თანამეგობრობის მიერ დასჯილი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, მხარდამჭერ აქტში პირდაპირ არის მითითება, რომ საქართველომ დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს.

“სამი წლის წინ, ამერიკის კონგრესმა ამერიკის მთავრობას აუკრძალა დახმარების გაწევა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებდა. ამის შემდეგ, მეორე ასეთი აქტი მიიღეს, სადაც პრაქტიკულად ჩადებულია სანქციების ელემენტები, რაც მისასალმებელია და შემდგომში ეს სხვა ქვეყნების მიერ უნდა იყოს გამოყენებული. აშშ სხვა ქვეყნებს ტონს ყოველთვის აძლევს. პირდაპირ არის მითითება, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა უპირობო არ არის, ქვეყანამ დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით მეტი უნდა იმუშაოს, განსაკუთრებით, სამართლიანი არჩევნების კუთხით. მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების სახით. ეს არის ერთი მხრივ, სიკეთე და მხარდაჭერა და მეორე მხრივ, საქართველოს ვალდებულება, ის პირობები შეასრულოს, რაც ამერიკის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მსგავსი აქტის მიღება პირდაპირი სიგნალია რუსეთისადმი, რომ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ადამიანების გატაცება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვლელობები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასჯილი იქნება”, – განმარტა გოცირიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები