აღაიანში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას გორის პოლიციამ ბრალი წაუყენა

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე შეიძლება, კიდევ ერთი პირი, ჩვილის მამა, დააკავონ. დღეს დილით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიხეილ დვალიშვილი დაიბარეს და ბრალი – არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დვალიშვილის მამიდამ, ნონა დვალიშვილმა მიაწოდა.

ნონა დვალიშვილის თქმით, ოჯახმა არ იცოდა, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო.
“ოჯახში არ ვიცოდით, რომ ეს გოგო არასრულწლოვანი იყო, ჩემი ისედაც გამწარებული ძმისშვილი, კიდევ უფრო უარესად უნდა გაამწარონ? იმ გოგოს დედამ იმ საღამოს, როდესაც მისი შვილი ჩემს ძმისშვილს გამოყვა, პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომ ჩემი ქალიშვილი დაიკარგაო. შემდეგ, ისევ თვითონ გამოიტანა ეს განცხადება უკან და პოლიციას განუცხადა, რომ სასეირნოდ ყოფილა შეყვარებულთან ერთადო. თუ ამ ოჯახს არ უნდოდა ჩემი ძმისშვილი ან ჩემმა ძმისშვილმა იძულებით მოიყვანა მისი ქალიშვილი ცოლად, მაშინ რაღატომ დამალა ეს ამბავი? სასამართლო პროცესი არ ვიცი, ზუსტად, როდის ჩაინიშნება, შეიძლება დღესაც ჩანიშნონ”, – თქვა ნონა დვალიშვილმა.

ამ წუთებში, მიხეილ დვალიშვილი ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილთან ერთად გორის პოლიციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები