გურამ მაჭარაშვილი მიქაუტაძეს: რა იყო ის გარემოება, არგუმენტები და საფუძველი, რის გამოც წარმოადგინეთ ათკაციანი სია საქართველოს პარლამენტში?

ყველას კარგად გვახსოვს დეკემბრის თვე, როდესაც საქართველოს პარლამენტში შემოვიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია. მართალია, შესაძლებლობა იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები პირდაპირ წარედგინა თუმცა, თვლიდით თუ არა და რა იყო ის გარემოება, არგუმენტები და საფუძველი, რის გამოც თქვენ, იქ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ასე უაპელაციოდ და განხილვების გარეშე წარმოადგინეთ ათკაციანი სია საქართველოს პარლამენტში? მოგწონთ, თუ არ მოგწონთ ის პროცედურები და პროცესი, რომელიც პარლამენტში ახლა მიმდინარეობს?”, – აღნიშნული კითხვებით პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მიმართა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, მოსამართლეობის კანდიდატი მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას დღევანდელი გადმოსახედიდან.

“პირველ და მეორე ინსტანციაში თქვენ გაქვთ მოსამართლის პრაქტიკა. მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება თქვენი მხარდაჭერა და იქნებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რამდენად დაუჭერთ მხარს იმ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ზოგადად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულოობას (არაპირდაპირი ხაზით, მაგრამ მაინც) დანარჩენი მოსამართლეებისათვის? ის, რომ მოსამართლემ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, უნდა გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. რამდენად ხართ ამ პროცესის მომხრე და რა პოლიტიკას გაატარებთ იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერა გექნებათ უზენაეს სასამართლოში? თქვენი აზრით, ეს ხელს ხომ არ შეუშლის მოსამართლის შინაგანი რწმენის დამოუკიდებლობას და თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, რომ როგორც მოსამართლეს გიფიქრიათ – ამ საქმეზე მე მივიღებდი სხვანაირ გადაწყვეტილებას, რომ არა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამდაგვარ საქმეებზე? “, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, სასამართლო შექმნილია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სამართლიანობა იგრძნოს აქედან გამომდინარე იგი დაინტერესდა, თუ მოსამართლეს დაუდგება შემთხვევა, როდესაც მან უნდა მიიღოს ან სამართლიანი გადაწყვეტილება ან სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე.

“თუ გქონიათ, ან დაგიდგებათ ისეთი შემთხვევა, რომ გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი, მაგრამ გარკვეულწილად, ეს მოითხოვს კანონმდებლობაში გარკვეული ტიპის ცვლილებებს ან მოსამართლისთვის დილემა დგას და მან უნდა მიიღოს ან სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილება, რაშიც ხედავს, რომ ის შეიძლება არ იყოს სამართლიანი, ან უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები