იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

0

იუსტიციის სამინისტრო ზოგიერთ მედიასაშუალებას ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

“კერძოდ, ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილების გასაჩივრების სამთვიანი ვადა ამოიწურება. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 18 ივლისს, 18 ოქტომბერს კი ამოიწურა მისი გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფომ მოსარჩელე მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს 18 ოქტომბრიდან სამი თვის ვადაში − ე. ი. 2020 წლის 18 იანვრამდე.

ვინაიდან გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში − 2019 წლის 18 ოქტომბრამდე − არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება 3 დღის წინ შევიდა ძალაში და დაიწყო ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ათვლა. იუსტიციის სამინისტროსა და მოსარჩელე მხარის ადვოკატს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია და მან უნდა წარმოადგინოს აღსრულებისთვის საჭირო საბანკო მონაცემები და დოკუმენტაცია.

შესაბამისად, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპენსაციის თანხა სახელმწიფოს 18 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა და მან ეს ვალდებულება არ შეასრულა, არის ყალბი, “- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მანქანაში ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ “ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და “დამნაშავე“ სამართალდამცველთა დასჯა მოითხოვეს.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.
„ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, სიცოცხლის უფლების ხელყოფისთვის “-საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო სრულად გაამტყუნა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, არამატერიალური ზიანისთვის.

კომენტარები

კომენტარი