ანსამბლი “ჭვანა” სხვადასხვა არქივში დაცულ უნიკალურ ფოლკლორულ ნიმუშებს 7 ნოემბერს სცენაზე გააცოცხლებს

2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ “ქართული გალობის“ ორგანიზებით, სტუდენტური დასაქმების პროგრამა ხორციელდება, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რეგიონებში არსებულ ანსამბლებთან, ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშაონ.  პროექტის ეს ფორმატი საარქივო ჩანაწერებიდან რეგიონებში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების დაბრუნებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში, 2015 წელს დაარსებული ანსამლ “ჭვანას“ მიერ  1930-იანი, ასევე 1950-იანი და 1970-იანი წლებში ნამღერი სიმღერები გაჟღერდა. წლების წინ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები, რომლებიც  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არქივებშია დაცული, ანსამბლმა გააცოცხლა.
“იმას რასაც აჭარის რეგიონში ადრეულ წლებში მღეროდნენ, ანსამბლმა გააცოცხლა. ფოლკლორული ანსამბლი ტარიელ ბოლქვაძის ინიციატივით 2015 წელს შეიქმნა. სწორედ მათ უნიკალური საარქივო მასალების გაშიფვრა, აღდგენა და შენახვა 2015 წელს დაიწყეს. ანსამბლმა დღემდე სხვადასხვა პროექტში მიიღო მონაწილეობა, მუსიკალურ აქტივობებს იგი დღესაც განაგრძობს. ანსამბლს გურიის ანსამბლ “შემოქმედთან” ერთად 24 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს შუახევისა და გურიის მუნიციპალიტეტებში გურულ-აჭარული საერთო სიმღერების კონცერტები აქვს დაგეგმილი“,- აღნიშნა ფონდი “ქართული გალობის” პროექტების მენეჯერმა ნინო რაზმაძემ.

გარდა იმისა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს “გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XV საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში “ჭვანას“ მიერ 20-მდე აღდგენილი ფოლკლორული ნაწარმოები შესრულდება, ღონისძიებაზე შუახევის მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური გამოფენაც მოეწყობა,  სადაც  გამოიფინება ჭვანის ხეობის ყოფა-ცხოვრებისა და სხვადასხვა პერიოდში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური ნივთები, რომლებიც აჭარის სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. ასევე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წარადგენს ჭვანის ხეობის ახალ ტურისტულ მარშრუტებსაც. ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდება.
“7 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დაგეგმილია კონცერტი, თავისი გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ნივთები და ის ციფრული მატარებლები, რაზეც მოხდა ამ უძველესი სიმღერების შენახვა. რაც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სტუმარს, შუახევის უძველეს კულტურას ეზიაროს. ანსამბლი კონცერტზე ცოცხლად შეასრულებს საარქივო მასალებს, რომ არა ჩანაწერები ჩანაწერები, კულტურა დაიკარგებოდა. ანსამბლი აქედან 20-მდე ფოლკლორულ ნომერს შეასრულებს, თუმცა აღდგენილი მასალა ბევრად მეტია“,–   დასძინა ნინო რაზმაძემ
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის ფარგლებში, მიმდინარე წლის ზაფხულში, მაღალმთიან აჭარაში რეპერტუარის ჩაწერა მოხდა. ადგილობრივი ტრადიციული სიმღერისა და საკრავებზე შემსრულებლების ჩაწერა ლარინგოფონების გამოყენებით განხორციელდა, რაც ტრადიციული მუსიკის ისტორიაში ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს, რაც ჩაწერილი მასალის ახლებურად, კერძოდ, კომპიუტერულად დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში 30-მდე უნიკალური ტრადიციული სიმღერა ჩაიწერა.
ექსპედიციას გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ შერბაუმი ხელმძღვანელობდა. ველზე მუშაობის გამოცდილების მისაღებად ექსპედიციაში გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. ჩაწერილი მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლელო და სხვა არაკომერციული მიზნებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება.
ჩაწერილი აუდიომასალა შემსრულებლებს სასწავლო და სტანდარტული აუდიოალბომების გამოცემის მიზნით უსასყიდლოდ გადაეცემათ. ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით უკვე დაგეგმილია რამდენიმე გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები