“ერთი დღე რომ დამაბრუნა იმ სავსე ცხოვრებაში” – ბედის ანაბარა დარჩენილი 75 წლის ყოფილი ფეხბურთელის ისტორია
საბჭოთა საქართველოს ყოფილი ფეხბურთელი, 75 წლის გიული კეკელია, მარტვილში უმძიმეს პირობებში, დედის სახლში წლებია მარტო ცხოვრობს. იმდროინდელი ახაგაზრდული ნაკრების დამსახურებულ ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა ის მას შემდეგ არ უნახავს, რაც გადატანილი ინსულტის გამო საავადმყოფოში მოხვდა.
როგორც თავად „რეგიონულ კვირას“ უამბობს, ერთი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, მას შემდეგ ლოგინად არის ჩავარდნილი. დამოუკიდებლად გადაადგილება, თითქმის, არ შეუძლია. ავადმყოფი პენსიონერის შემოსავალი 200-ლარიან პენსიასთან ერთად, სოციალური დახმარება – 50 ლარია. როგორც თავად ამბობს, აღნიშნული თანხა, ძირითადად, წამლებშიც არ ყოფნის.
საუკუნოვანი სახლი, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს სახურავის და ფანჯრების გარეშეა დარჩენილი, კედლებიც ნაწილობრივ ჩამონგრეულია. სპეციალისტების განმარტებით, ისტორიული სახლი, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
სამეგრელო ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი, დავით ფარცვანია, გიული კეკელიას საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და ყოფილ ფეხბურთელს დაჰპირდა, რომ ამ ზამთარს თბილ სახლში გაატარებს.
„რეგიონული კვირა“ ყოფილი წარმატებული ფეხბურთელის უმძიმეს ისტორიას, მარტვილიდან გიამბობთ.