“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა”

0

აბაშის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს​ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა და ღონისძიებებში ჩართულ სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, მავნებლის რაოდენობა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია. ჩვენ გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს იყო. მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებებში, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელიც გვიწევდა ტექნიკურ დახმარებას, გვეხმარებოდა ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში და მრავალი ქვეყანა იზიარებს მის წარმატებულ გამოცდილებას.

ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით საქართველო სხვა რანგში გადავიდა. ჩვენ უკვე შეგვიძლია მნიშვნელოვან გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს შევძელით თხილის კულტურის დაცვა და მაღალი ხარისხის მოსავალი მივიღეთ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიმედოვნებთ, რომ წელს ექსპორტი 100 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას მაღალი შეფასება მისცეს და ეს ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ჩვენი სამომავლო ამოცანაა, ფაროსანას პოპულაცია გავაკონტროლოთ და მოსავალი გადავარჩინოთ, რაც 2019 წელს ერთობლივი ძალისხმევით შევძელით”, – განაცხადა დავითაშვილმა.

2019 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებები დასავლეთ საქართველოს 391 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. აჭარაში, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 282 930 ჰექტარი; ცივი შესხურებით – სოფლების, სიმინდის ყანების და ტყის პერიმეტრის 141 611 ჰექტარი ფართობი. სოფლების ტერიტორიებზე განთავსდა 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 91 999 “მოიზიდე და გაანადგურე” სადგური.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანიზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დაიწყო მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. მათი და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების ჩართულობით სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა და შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი გამოიყო. დონორი ორგანიზაციებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები გაძლიერდა.

კომენტარები

კომენტარი