პროცესს რაც შეეხება, რისი მომსწრენიც ვართ პარლამენტში, ჩემი შეფასებით კარგი ნიშანია ის გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნას კონკრეტული კანდიდატის შესახებ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, პირადად დარწმუნდნენ იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.
“რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, უკვე მკაფიოდ იყო საუბარი ეუთოს ანგარიშებში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კრიტიკა არის გამოთქმული. ზოგადად, ეუთოს ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა ამ ნაწილში მკვეთრია კრიტიკა. თვითონ პროცესს რაც შეეხება, რისი მომსწრენიც ვართ პარლამენტში, ჩემი შეფასებით კარგი ნიშანია ის გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნას კონკრეტული კანდიდატის შესახებ, რადგანაც სწორედ ასეთი პროცესი აძლევს პარლამენტის წევრს შესაძლებლობას და აღჭურავს მას საჭირო ინფორმაციით, რომ პირადი გამოცდილებით დარწმუნდეს იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს – მის პროფესიულ თუ პირად კეთილსინდისიერებში, ამიტომ გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.