ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეკრებილმა ბიზნესმენებმა ეკონომიკის მინისტრს დარგის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და დახმარება სთხოვეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამკერვალო ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ხოლო წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამასთან, დარგი ძირითადად რეგიონებში ფართოვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები გამოიკვეთა, რომელთა მოგვარების შემთხვევაშიც კომპანიათა ხელმძღვანელები პირობას დებენ, რომ გააფართოებენ წარმოებას და მეტ ადამიანს დაასაქმებენ. ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა კვალიფიციური მუშახელის სიმცირეა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად გაიმართა.
ნათია თურნავას თქმით, სამკერვალო ინდუსტრია არის დარგი, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტროს ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება.

“პრემიერის დავალებით ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას. დღეს ჩვენ შევხვდით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ ტექსტილის ინდუსტრიას. ეს არის ქართული წარმოება, რომელიც იმდენად განვითარდა, რომ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს, არამედ ექსპორტულ ბაზრებსაც ამარაგებს. გარდა ამისა, ეს არის დარგი, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებით რეგიონებში. მათ აქვთ სხვადასხვა საკითხები დასმული, ერთი საერთო პრობლემა რასაც აყენებენ ეს არის კადრების ნაკლებობა, ითხოვენ უფრო მეტად მომზადებულ კადრებს და ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პროგრამები, რომლებზეც მუშაობს განათლების სამინისტრო კარგად შეიძლება მოვარგოთ მათ საჭიროებებს. დარგში მზადყოფნაა, რომ კადრების არსებობის შემთხვევაში რამდენიმე ათასი ადამიანი კიდევ დაასაქმონ. შემდეგ შეხვედრას ამ დარგის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დავაორგანიზებთ, რომ განათლების სამინისტრომაც მიიღოს მონაწილეობა”,-განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანია „ტიფლის ტექსტილის“ დამფუძნებელი გიორგი გაჩეჩილაძე იმედოვნებს, რომ დარგში არსებული პრობლემები შესაბამისი უწყებების ჩართულობით მომავალში აღმოიფხვრება.

“საინტერესო შეხვედრა იყო ტექსტილის დარგის წარმომადგენლებთან მინისტრის მხრიდან. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს წარმოებას აწუხებს. მინისტრის დამოკიდებულება ძალიან კონსტრუქციული იყო და მონდომებულია, რომ ეს პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს, მომავალში აუცილებლად მოგვარდება”,-აღნიშნა „ტიფლის ტექსტილის“ დამფუძნებელმა.
“სამკერვალო კომპანია იმერის” დამფუძნებელი მაია სიმონიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემები პირდაპირ კავშირშია განათლების სამინისტროსთან, რადგან საჭიროა ამ დარგში მუშაობის მსურველებმა შესაბამისი პროფესიული განათლება მიიღონ.
“მე ვთხოვე მინისტრს, რომ შემდეგი შეხვედრა ამ შემადგენლობით განათლების მინისტრთან ერთად დაორგანიზდეს, რადგან წამოჭრილი პრობლემები პირდაპირ უკავშირდება სამინისტროს. ეს არის პროფესიული განათლება, კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა იმუშაონ მკერავებად. არანაკლებ მიშვნელოვანია ტექნოლოგებისა და კონსტრუქტორების მომზადებაც”,-განაცხადა მაია სიმონიძემ.

BTM Textile Ltd – ს დირექტორმა, ქენან აგირმასიმ ეკონომიკის მინისტრს აღნიშნული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ განხილული პრობლემები სექტორის სასარგებლოდ გადაწყდება.

“დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ ნათიას ამ შეხვედრისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტექსტილის სექტორისთვის. ჩვენ გავაცანით მინისტრს ის პრობლემები, რაც დღეს ამ სექტორში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე დროში შეგვპირდნენ უკუკავშირს, პასუხს იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ დავსვით და მაღალი მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი სექტორის სასარგებლოდ გადაწყდება”,-განაცხადა ქენან აგირმასიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები