„30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“ – ლადო ათანელის საღამო გაიმართება

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის საღამო – „30 წელი მსოფლიო საოპერო სცენებზე“.
როგორც „კვირას“ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს, პროგრამაშია: ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „რიგოლეტო“ მეოთხე მოქმედება და ოპერიდან „მაკბეტი“ – პირველი მოქმედება.
საღამოში მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე, მარიკა მაჩიტიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ლადო ათანელის დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1989 წელს, ვერდის „ბალ-მასკარადში“ რენატოს პარტიით. ლადო ათანელი ფრანსისკო ვინიასის, ი. ჩესტელის და ბელვედერეს ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიისა და გრან-პრის მფლობელია. 1996 წლიდან მომღერალი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე – ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვენა, მილანი, ციურიხი, ჟენევა, მოინხენი, ვაშინგტონი, ტოკიო. ბარიტონი აღიარებულია ვერდის, პუჩინის, ჯორდანოს, ლეონკავალოს, მასკანის, მასნეს ოპერების საუკეთესო შემსრულებლად. მის რეპერტუარშია 40-მდე საოპერო პარტია, მათ შორის: სკარპია, ჟერარი, ტონიო, იაგო, მაკბეტი, ნაბუკო, რიგოლეტო, ბარნაბა და სხვა.
2003 წელს EMI Classics-მა დისკზე ჩაწერა პონკიელის ოპერა“ჯოკონდა“, სადაც ლადო ათანელმა ბარნაბას ურთულესი პარტია შეასრულა პლასიდო დომინგოსთან ერთად.
2005 წელს გამოიცა მისი პირველი სოლო ალბომი „საოპერო არიების“ სახელწოდებით, 2009 წელს გამოვიდა მეორე ალბომი – „ბარიტონის არიები“.
გამოცემულია DVD – ვერდის „ოტელო“, მასნეს „ტაისი“, ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“. 2009 წელს ლადო ათანელმა დაარსა საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა“, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ნიჭიერ ვოკალისტებს და გზა გაუკაფოს მათ საერთაშორისო სარბიელზე. 2010 წლიდან ტარდება ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა კონკურსი. 2011 წელს ლადო ათანელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ამავე წელს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ იგი აღიარებულ იქნა „სიკეთის“ რაინდად. 2012 წელს მიენიჭა ბრწყინვალების ორდენი. 2017 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გაიხსნა ლადო ათანელის ვარსკვლავი.
მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს „ოქროს ყელი საქართველოდან“ და ,,ასკარატიან ბრილიანტს“ შეადარეს. მისი ხმისთვის იტალიური მუსიკა მალამოსავითაა, ხელს უწყობს მის განვითარებას, – წერდნენ პრესაში. ჟურნალ ,,ორფეოსში” დაიბეჭდა ლადოს შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც მომღერლის ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას გაუტოლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები