“შვილი ავტომატით მომიკლეს” – დავით მეტრეველის დედა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს და მის ოჯახს ადანაშაულებს

ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “კვირამ” გაარკვია, ნათია გოგალაძის მკვლელობა მათი ოჯახისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და 16 წლის წინ ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ ახალციხეში მამაკაცი მოკლა. მოკლული დავით მეტრეველია.

როგორც ირკვევა, დეკანოიძეების ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში სოფელ აგარაში ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც მერაბ დეკანოიძემ თანასოფლელი მოკლა, დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მას მკვლელობისთვის 14 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ვადაზე ადრე გათავისუფლდა და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

“კვირამ” მოიპოვა მოკლული დავით მეტრეველის დედის, მარიამ გვარამაძის კომენტარი, სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტზე, რომლის შესახებაც არც მედიასაშუალებებს და არც თავად ირაკლი დეკანოიძის ადვოკატს არაფერი უთქვამს.

“ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს, პასუხისმგებლობა ააცილეს და რამდენიმე წელიწადში მეორედ ჩაიდინა ისევ ასეთი სასტიკი მკვლელობა, ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან,”- აცხადებს მოკლული დავით მეტრეველის დედა.

როგორც ირაკლი დეკანოიძის ადვოკატი რევაზ კაჭკაჭიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, დეკანოიძე წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

“მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. მან შეუგდო ყუმბარა, შეშინების მიზნით და იცოდა, რომ ის არ გაიხსნებოდა. დარწმუნებული იყო, რომ არ აფეთქდებოდა. შემდეგ იარაღის კონდახით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. მიზეზად ასახელებს, რომ უთანხმოება ჰქონდა ბავშვების აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ბავშვები იზრდებოდნენ არაჯანსაღ გარემოში,”- აცხადებს რევაზ კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი დეკანოიძემ 31 წლის ნათია გოგალაძე 11 ოქტომბერს სასტიკად მოკლა. იგი თამარ მეფის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს დილის 11 საათზე შეიარაღებული სამსახურში მიუვარდა, ოთახში ჯერ ხელყუმბარა შეუგდო და როცა ნახა, ის არ აფეთქდა, სროლა ატეხა, შეშინებულმა ქალმა გაქცევა შეძლო, თუმცა მოძალადემ ის დაიჭირა და იარაღის კონდახით სასტიკად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალს დაზიანებები ძირითადად თავში ჰქონდა და დასისხლიანებული სასწრაფოს ბრიგადამ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები