JTEC ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა

ნატო-ს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, “თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის” ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტექნიკის გადმოცემა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. ნატოს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და ნატო-ს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება JTEC-ის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე გამახვილდა.

“JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს დახმარებას უწევს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები