საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი განხილვის გარეშე უყრის კენჭს. საკითხი ბიუროს სხდომაზე საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დააყენა. მისივე თქმით, მის ინიციატივას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
“შეიძლება ეს თქვენ არ მოგწონდეთ, ამაში სიახლე არაფერია. თქვენ რომ პოლიტიკურად მას მხარს არ დაუჭერთ, ეს ყველასთვის ცნობილია. დანარჩენი რაც სჭირდებოდა საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს, რომ მიეღოთ კითხვებზე პასუხი, ამ მხრივ საკითხი მაქსიმალურად ამოწურულია. დანარჩენი, თქვენ თუ გინდათ, არ სცეთ პარლამენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს პატივი და დრო უბრალოდ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თქვენ დამატებით მოგეცეთ საშუალება, ერთი და იგივე კითხვა გაიმეოროთ, რაზეც უკვე პასუხი გაცემულია. ამისთვის არც დრო არის და არც რესურსი, რომ მუდმივად ერთსა და იმავე საკითხზე თქვენი პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვები ორ ადგილას ვისმინოთ პასუხები, ამიტომ ძალიან ლოგიკური იყო, რომ ამომწურავი კითხვა-პასუხის შემდგომ და მიღებული ინფორმაციის შემდგომ პირდაპირ დავაყენოთ კენჭისყრაზე და ეს მოვითხოვე კიდეც, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს“, – განმარტა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს. წინააღმდეგი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე იყო.
პარლამენტში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს გუშინ მოუსმინეს.