ბათუმში “ადრეული ქორწინება და ქალთა უფლებების” პრეზენტაცია გაიმართა

0

მარნეულის შემდეგ, პროექტ მრგვალი მაგიდა ,,ადრეული ქორწინება და ქალთა უფლებები“-ს პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. რეგიონი შეხვედრისთვის სპეციალურად შეირჩა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ არასრულწლოვანთა ქორწინების გახშირებული შემთხვევები სწორედ მარნეულსა და მაღალმთიან აჭარაში ფიქსირდება. პროექტის ავტორი 19 წლის აზერბაიჯანელი ჩინარი კოჯაევაა, რომელსაც იდეის განხორციელებაში ადამიანის უფლებათა სახლმა დაეხმარა.

19 წლის ჩინარი კოჯაევა თეთრი წყაროს რაიონიდანაა, იგი ნაადრევ ქორწინებას ორჯერ გადაურჩა. პირველად მას მამა 15 წლის ასაკში ათხოვებდა, რაზეც გოგონამ უარი განუცხადა. როდესაც ჩინარმა 17 წლის ასაკს მიაღწია, წინააღმდეგობის მიუხედავად ოჯახის გადაწყვეტილებით იგი უცნობ მამაკაცზე დანიშნეს. ჩინარმა სკოლაში ქართულის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, მასწავლებლის მეშვეობით კი გოგონას პრობლემის შესახებ ჟურნალისტებმა და სამართალდამცველებმა გაიგეს.
“სოფელში სადაც გავიზარდე, მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღებაა შესაძლებელი, შემდეგ კი გოგონებს ათხოვებენ, ეს იქ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ოჯახის შექმნაში ხედავენ ბედნიერებას, რაც ასე არ არის 15 წლის და 17 წლის გოგოებმა ბევრი უნდა ისწავლონ რათა დამოუკიდებლები გახდნენ და არ დაიჩაგრონ. ყველა ხელს იშვერდა ჩემკენ, რადგან ოჯახის შექმნას სწავლა ვამჯობინე. იქ მშობლებს არავინ ეწინააღმდეგება. სოფლიდან ერთადერთი გოგო ვარ რომელმაც ვთქვი არა, რამაც ბულინგის მსხვერპლად მაქცია. სწორედ ამიტომ ვთხოვე დახმარება მასწავლებელს, ყველაზე მეტად ის გამიგებდა, როდესაც სამართალდამცველებმა მკითხეს მივიღებდი თუ არა გადაწყვეტილებას თავშესაფარში წასვლის შესახებ, არც კი დავფიქრებულვარ. სახლიდან წამოვედი და თავშესაფარში გავაგრძელე ცხოვრება, სადაც უამრავი საინტერესო და კეთილი ადამიანები გავიცანი. სწორედ მათი დამსახურებაა დღეს მე აქ რომ ვარ და სხვა არასრულწლოვნებს მაგალითს ვაძლევ, თუ როგორ უნდა იბრძოლონ თავიანთი მიზნებისაკენ. აუცილებლად უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები, უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ორგანიზაციების მეტი ჩართულობა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ტრენინგების მეშვეობით“,-განაცხადა ჩინარ კოჯაევამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი მიმართულებით ბენეფიციარები მიმართავენ. საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, საოჯახო დავები მომატებულია, რაც ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ქორწინებიდან არის განპირობებული.
ქვეყანაში საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, სამართლებრივი ცნობიერების დონეც ამაღლებულია, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა არის გასაძლიერებელი ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის მიზნით. მომართვიანობა არის გაზრდილი, მათ შორის მოგვმართავენ მამაკაცებიც. ერთ-ერთი არის ნაადრევი ქორწინება, ემატება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი, საზოგადოებრივი სტიგმა, გარემო-ეს არაერთი ფაქტორია რაც ერთობლიობაშიც ქმნის იმ მოცემულობას რაც დღეს გვაქვს. სახელმწიფოს არც მოძალადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არ აქვს ხედვა, არ არსებობს ცენტრი სადაც მოძალადის რეაბილიტაცია მოხდება, შესაბამისად ჩვენ ვერ ვადგენთ ძირითად გამომწვევ მიზეზს. ფოკუსის მხოლოდ მსხვერპლზე ორიენტირება და ჰქონდეს სახელმწიფოს ხედვა მოძალადესთან დაკავშირებით, ეს ბადებს კითხვებს, პრაქტიკულად ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები“- “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს ,,საიას“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანნა მდინარაძე
ადრეული ქორწინებისა და ქალთა უფლებების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს იმ სერვისების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი -112 მოქალაქეებს აწვდის. მობილური აპლიკაცია ქალთა მიმართ ძალადობის დროს მობილურ აპლიკაციაზე ,,SOS” ღილაკის მეშვეობით ერთი ხელის დაჭერით შეუძლიათ საპატრულო პოლიციის გამოძახება.
,,საბედნიეროდ ცნობადობა გაიზარდა, და დღეს მოქალაქეებმა იციან, რომ ოჯახში ძალადობა ისჯება კანონით. მომართვიანობა 112-ში გაიზარდა იმ კუთხით რომ ძალადობის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობა გაიზარდა“- ამბობს 112-ის სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯერი ლიკა ალადაშვილი.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად 2017 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ქორწინება აიკრძალა. მიუხედავად ამისა პრობლემა რეგიონში მაინც არსებობს. აჭარაში არასრულწლოვანთა ქორწინების რამდენიმე შემთხვევა გასულ წელს მოხდა.

,,რეგიონულ კვირას“ თავის ისტორიას მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები პირად საუბრებში უყვება.
ნინო(სახელი პირობითია) 16 წლის იყო, როდესაც მშობლებმა საქმრო შეურჩია, უფროსებს მხოლოდ მაშინ გაუმხილა რომ სხვა უყვარდა, თუმცა მისი გრძნობები ბავშვურ გატაცებად ჩაუთვალეს და მორჩილებისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგობის მიუხედავად არასრულწლოვანი უცნობ მამაკაცზე დააქორწინეს. ,,გაბედნიერებიდან“ რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ მამაკაცი, რომელზეც მანამდე ყველა დადებითად საუბრობდა, ნერვიული, ხმაურიანი, მის მიმართ ზოგჯერ უხეშიც კი იყო. ნინომ ჩათვალა, რომ ყველა ქალის ხვედრი ეს იყო, ქალი ქმრის წინაშე მორჩილი და მომთმენი, კაცი კი გადაწყვეტილებების მიმღები და ოჯახის მთავარი წევრი უნდა ყოფილიყო.
,,სოფელში დავიბადე და იქ ვიცხოვრე 16 წელი, მიყვარდა მეზობლის ბიჭი, თუმცა დაოჯახებაზე არც კი ვფიქრობდი, მინდოდა მესწავლა და მშობლები მერჩინა. ფინანსურად გვიჭირდა, ყოველთვის იმას მეუბნებოდნენ რით უნდა ისწავლო, ყველაფერს ფული სჭირდებაო, თუმცა არ ვნებდებოდი. დედაჩემმა მირჩია ერთ ბიჭს გავყოლოდი, რომელსაც დიდი სახლი ჰქონდა და მისი მშობლებიც მუშაობდნენ, მისი თქმით არაფერი გამიჭირდებოდა, მამაც აიყოლია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მიმეტებდა. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოტყუებით წამიყვანეს და ჩემი მომავალი ქმრის ოჯახში აღმოვჩნდი. მაშინ უკან დაბრუნება სირცხვილი იყო ქალისთვის და მისი ოჯახისთვის, სხვა გამოსავალი არ მქონდა და უცებ დიდობანას თამაშსაც შევუდექი“,- ჰყვება ნინო
პირველი შვილის შეძენიდან 2 თვეში ბავშვთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნება და ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა. მიზეზი მის მიმართ ფიზიკური ძალადობა იყო. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სხვაზე გაბრაზებულმა ქმარმა ჯავრი ცოლზე ამოიყარა და ჯერ სახეში სცემა ხოლო შემდეგ ფეხებით შედგა. წასვლაზე მანამდეც უფიქრია მაგრამ ვერ ბედავდა. ქმართან ყველა უსიამოვნების შემდეგ მოთმენას ურჩევდნენ, იყო დაპირებაც რომ ეს ჩხუბის სცენა საბოლოო იქნებოდა. სახლში მისულს მშობლებმაც იგივე უთხრეს და ოჯახის მთლიანობის შენარჩუნება სთხოვეს.
ახლა ნონო 5 შვილის დედაა, 36 წლის ასაკში მხოლოდ მათ მომავალზე ფიქრობს, უნდა რომ მისმა შვილებმა ისწავლონ და მათ მიერ დაშვებული შეცდომები თავადვე გააანალიზონ.

​ფიქრია დავლაძე

 

 

კომენტარები

კომენტარი