რეჟისორ მიხეილ კობახიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ მიხეილ კობახიძის გარდაცვალების გამო და მისი პანაშვიდისა და გასვენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პანაშვიდი გაიმართება:  16 ოქტომბერს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში – 18:00 სთ-დან,  17 ოქტომბერს, 14:00 სთ.  გამოსვენება ამავე ტაძრიდან. მიხეილ კობახიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მიხეილ კობახიძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„იგი იყო ქართული კინოს უკანასკნელი რომანტიკოსი, უნიკალური ოსტატი, დიდი კინორეჟისორი.
განუმეორებელი, შავ-თეთრი, კინომინიატურები, სადაც მიშა კობახიძემ სრულიად უნიკალური კინოენით: ყველასგან გამორჩეული, დახვეწილი იუმორით, გემოვნებით, პოეტურობით, უსიტყვოდ და მხოლოდ მუსიკის საშუალებით, სრულყოფილად წარმოაჩინა ადამიანური ურთიერთობების ურთულესი სპექტრი და შექმნა ირეალური, ძალზედ განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებით აღსავსე, ჯადოსნური შემოქმედებითი სამყარო, რომელიც დაუვიწყარია და გულგრილს არავის ტოვებს.
„ყველა ჩემი ფილმი, ჩემთვის ექსპერიმენტია, სიზმრის ფორმა აქვს. ეს არ არის ჩვენი რეალობა, ხოლო განცდა, რომელიც მას მოაქვს, ჩვენი რეალობისა და სიზმრის დამაკავშირებელია. სიზმარი სხვა რეალობაა, მხოლოდ უნდა შეაღო ის კარი, რომელსაც იქ შეყავხარ. თუ იმ კარის შეღების გეშინია და ამ რეალობას ებღაუჭები, უსუსური ხდები. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, შევაღოთ კარი, რომელსაც სხვა რეალობაში შევყავართ“, – ამბობდა მიშა კობახიძე.
„ქოლგა“, „ქორწილი“, “მუსიკოსები“ – იშვიათად მოიძებნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც კინომოყვარული, მიშა კობახიძის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომ არ ჰქონდეს ნანახი.
„მეამბოხე“ რეჟისორმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა, 30 წელზე მეტი გაატარა პარიზში და საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა. იგი 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია. ხშირად, თავადაც თამაშობდა თავის ფილმებში. რეჟისორმა დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი – 1965 წელს. ფილმების გადაღება, 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: “ახალგაზრდა სიყვარული” (1961) და “კარუსელი” (1962). 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა – “ქორწილი”, ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, “საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი”).
1967 წელს გადაიღო ფილმი – “ქოლგა”, რომელმაც, 1967 წელს მთავარი პრიზი და “ფიპრესის” პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14-წუთიანი ფილმი – “მუსიკოსები”. “მუსიკოსების” გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით, მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.
ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ, რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: “ჩიბუხი” (1976), “ზღვაზე” (1980). ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.
33-წლიანი პაუზის შემდეგ, მიშა კობახიძემ კინოში მოღვაწეობა საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “გზაზე”.
სამწუხაროდ, ბატონ მიშას ორი პროექტი განუხორციელებელი დარჩა: ერთი – ხუთი ნოველისაგან შემდგარი სრულმეტრაჟიანი ფილმი; მეორე – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – “როგორც ღრუბელი”…
კიდევ ერთი გენიალური რეჟისორი და არაჩვეულებრივი ადამიანი წავიდა“… – აღნიშნულია საქართველოს კინოაკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები