“ნახე პირველად ბაკურიანში” – ქართული კინოს ფორუმი დაიხურა

ქართული კინოს ფორუმი “ნახე პირველად ბაკურიანში” გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის  “თორმეტი გაკვეთილის” ჩვენებით დაიხურა.

4 დღის მანძილზე კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. ღონისძიების პროგრამაში იყო დიმიტრი ცინცაძის ორი ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე “შინდისი” და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები” და გიგა ლიკლიკაძის “ღორი”.

კინოჩვენებების გარდა კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე საინტერესო პანელ დისკუსიები გაიმართა​.

ქართული კინოს ფორუმს რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ. კინოფორუმის პარტნიორები არიან “შემოქმედებითი ევროპის” საქართველოს დესკი, სასტუმრო “კრისტალი” და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები