ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს ციხისძირში გამართულ​ მედიასემინარზე გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედია სემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ,  აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მოენახულებინათ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება, სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.

მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა მაღალი შეფასება მისცეს.

მედია სემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019  წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, “თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან” ერთად   თხილის გადარჩენის პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც   კომპლექსური  ღონისძიებები ჩატარდა (სახელმწიფომ  ასოციაციას  შესაწამლი აპარატები გადასცა, რითაც  ფერმერებმა ისარგებლეს).  სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა  თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.  მედია სემინარზე  სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების  ზემოქმედებასთან დაკავშირებით წარმოადგინეს.

მოსახლეობასთან შეხვედრები და  აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამპერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

ცნობისთვის,  დღეის მდგომარეობით დასავლეთ საქართველოში  – სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 258 ათასი ჰა საკარმიდამო ტერიტორიაა დამუშავებული, ცივი შესხურების მეთოდით – 136 851, 40 ჰა. მათ შორის, 44 144, 55 ჰა სოფლის პერიმეტრი და 11 700, 25 ჰა ტყის პერიმეტრი, 73 006, 60 ჰა სიმინდის მასივი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე 4 346 ფერომონია განთავსებული, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 92 000 “მოიზიდე და გაანადგურე” სადგური.

შეწამვლითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს  ტექნიკით მიმდინარეობს საყანე ფართობებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება “მოიზიდე და გაანადგურე სადგურები”.

ღონისძიებები  სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში მიმდინარეობს. მათი  ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მოქმედებს.  მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით,  გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდია შექმნილი. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები არიან ჩართულები.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანიზიანი მიაყენა. სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო მავნებლის საწინააღმდეგო  ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რადგან საქართველოს  აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლისგამოცდილება არ გააჩნდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით, ასევე  პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მოწვეულები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების ჩართულობით, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა შემუშავდა და გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორი ორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური  შესაძლებლობები გაძლიერდა. 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მხოლოდ 15 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული, წელს კი აღნიშნული რესურსი გაათმაგებულია და რეგიონში  250 -ზე მეტი ტექნიკაა  მობილიზებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები