ძველი ბოთლები, ბალონები, მოუწესრიგებელი გზა, გაუმართავი კანალიზაცია, ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ურეკის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს.
თუმცა ყველაზე გლობალური პრობლემა, რომელზეც მოსახლოება დიდი ხანია ჩივის , უწყლოობას უკავშირდება. მოგვარებას კი ჰპირდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
მოსახლეობის თქმით, მათ იცოდნენ, რომ სექტემბრეში უკვე წყალი უნდა ჰქონოდათ, თუმცა კვლავ საკუთარ ეზოში განთავსებული ავზების იმედად არიან.
ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, ოლგა პანტელეევა “რეგიონულ კვირასთან“ ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რამდენჯერმე იყვნენ გუბერნატორის და საკრებულოს წარმომადგენლები, თუმცა შედეგი არაფერია.
“თქვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია ეს სახლი. ეს სახლი უკვე 30 წლისაა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, რამდენჯერმე შევიკრიბეთ, გუბერნატორი, რაიონის საკრებულოს წარმომადგენლები მოვიდნენ, მაგრამ არაფერი.
ასფალტს შეგვპირდნენ, ორ თვეში იქნებაო, მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა. შეხედეთ, ეს საკურორტო ზონაა და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ აქაურობის შემხედვარე ტურისტები გაიქცევიან.
წყალს რაც შეეხება, მუდმივად სარემონტოა. ჭებიდან ამოდის წყალი. ჩვენ გავაკეთეთ წყარო, მაგრამ 60 ოჯახს არ ყოფნის ეს წყალი. მუდმივად რემონტია საჭირო.
წვიმის დროს ყველა ოჯახში წყალი შედის, გადახურვა ისეთი მოკლე გააკეთეს, წვიმის დროს კედლები სველდება. აუცილებლად მოსაწესრიგებელია კედლების გარეგნული მხარე“– ამბობს პანტელეევა.
მოსახლეობა ჩივის, რომ ონკანში წყალი არ მოდის, ტექნიკური წყალიც კი არ არის. ბინის გარშემო ტერიტორია ძალიან მოუწესრიგებელია, ბავშვებს არ აქვთ სათამაშო სივრცე, რაც აქვთ ისიც ძალიან მოუწესრიგებელია.
მათი თქმით, ბინების გარე ფასადიც რემონტს საჭიროებს.
” საშინელ მდგომარეობაშია ხალხი, არაფერი არ არის. ბავშვებისთვის სათამაშო ადგილიც ნახეთ, რას გავს, ვითომ გააკეთეს ორი ტრენაჟორი და ნახეთ ისიც რა მდგომარეობაშია. გარე ფასადიც მოსაწესრიგებელია. წვიმის დროს ბინებში წყალი ასხამს“– აცხადებს პანტელეევა.
კანალიზაციის და წყლის პრობლემაზე საუბრობს ადგილობრივი მიხეილ ხარაიშვილიც.
მისი თქმით, ხალხს კილომეტრებიდან მოაქვს წყალი, რადგან არც სასმელი და არც დასაბანი წყალი მოსახლეობას არ აქვს.
“ყველაფრის გაჭირვება აქვს ხალხს. ტანის დასაბანი წყალი არ არის. ა წყალი – სადაა წყალი? არაფერი არ არის შიგნით. ხელით, ბალონებით ზიდავენ წყალს ხალხი. მაგარი გაჭირვებულია ხალხი, წყალზე განსაკუთრებით პრობლემაა. ფიზიკურად მძიმე საქმეა. კილომეტრებიდან მოაქვთ წყალი. არც სასმელი, არც დასაბანი წყალი არ აქვს ხალხს.
60 ოჯახი ცხოვრობს ამ სახლში, მიხედვა ხომ უნდა ხალხს? გზაზე საერთოდ საუბარი არაა, გზა არ უნდა იყოს აქ? საკურორტო ზონაა, დამსვენებლები მოდიან. აქ ასფალტი რომ არ არის, სირცხვილია ეს. ერთი კილომეტრი გზა ვერ გაუკეთებიათ. დადიან, ითხოვს ხალხი, მაგრამ ვინაა მიმხედავი? ხალხს თუ არ მიხედეს, არ შეიძლება, ხალხითაა ყველა. მთავრობაც ხალხითაა. ცოტა ხალხს თუ არ მიაქცევს მთავრობა ყურადღებას, არ შეიძლება ასე.
აქედან ხალხი გარბის. აქედან ხალხი კი არ უნდა მიდიოდეს, აქეთ უნდა მოდიოდეს. ნახევარი საქართველო გასულია საზღვარგარეთ, სად არ არიან“- აცხადებს მიხეილ ხარაიშვილი.
“რეგიონული კვირა“ აღნიშნულ პრობლემებზე მერიის წარმომადგენელს დაბა ურეკში, დავით რობაქიძეს ესაუბრა.
რობაქიძე უარყოფს და სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მოსახლეობას წყალი არ აქვს.
როგორც რობაქიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს და მომავალი სეზონისთვის დასრულებული იქნება.
“ბინების მოსახლეობას რომ არ მიეწოდება წყალი, ეს არის ცრუ ინფორმაცია. ურეკში მოხდა წყალკანალის მიერ გაყვანილობის გაყვანა, პირველი ეტაპი დასრულებულია, კომპანიამ ჩააბარა და მუნიციპალიტეტმა გადაიბარა ეს კომუნიკაციები. ახლა მიდის ინდივიდუალურად მოსახლეობასთან შეხვედრა, გაერთიანებული წყალმომარაგება აწარმოებს, აბონენტთა გაყვანას და გამორჩენილი აბონენტების დამატება მიმდინარეობს. ის რომ მათ მათ აქვთ კანალიზაციის და წყლის პრობლემა, ცრუ ინფორმაციაა.“- განაცხადა დავით რობაქიძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას,თითქოს მოსახლეობას წყლის პრობლემა სექტემბერში უნდა მოგვარებოდა, რობაქიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცის.
“არ ვიცი მათ ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა, მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, იმას გეუბნებით. მომავალი სეზონისთვის ეს სამუშაოები დასრულებული იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალი სეზონისთვის დასრულებული იქნება, მაგ ბინების მიმდებარედ დაიგება გზაც“– აცხადებს ის.