შემზარავი მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება – რას ჰყვებიან ადგილობრივები ხაშურში მომხდარზე

ხაშურში მომხდარი მკვლელობის შესახებ “რეგიონულმა კვირამ” ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი, ბელა ედილაშვილი “რეგიონულ კვირას” უყვება, 30 წლის ქალი მეუღლეს გამოექცა და თავი იქვე მდებარე მაღაზიას შეაფარა, ამ დროს იგი უკვე დაჭრილი იყო. სწორედ აღნიშნული მაღაზიიდან გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში. ეჭვმიტანილი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და იგი არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე, დაკავებული არ არის.

​”ეს გოგო მორბოდა და სისხლი სდიოდა თავიდან. კაცი მოჰყვებოდა უკან და უყვიროდა “ახლა ხო გადამირჩიო”. მაღაზიაში შევარდა გოგო და კარები გადაკეტეს. ამის შემდეგ, კაცი გაიქცა. სასწრაფომ რომ წაიყვანა ქალი უკვე გონზე აღარ იყო, ძალიან ბევრი სისხლი სდიოდა”, – ამბობს ბელა ედილაშვილი.

​რა გახდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ანონიმური წყარო “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს. წყარო, რომელიც სახელის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ უცნობი პირი, რუსთავში მცხოვრები მამაკაცი, ეჭვმიტანილს – გიორგი დეკანოსიძეს ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მის მეუღლესთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა და დაქორწინებასაც აპირებდნენ.

გარდაცვლილი 30 წლის ქალის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს მეუღლესთან კონფლიქტი მკვლელობის წინა დღესაც ჰქონდა. როგორც ერთ-ერთი მეზობელი, მაყვალა იაძე ამბობს, მამაკაცი გუშინ მცირეწლოვან შვილებსაც ეჩხუბა.

“გუშინ მისულა და ბავშვებისთვის უჩხუბია. რატომ ნამდვილად არ ვიცი. დღეს 10 საათი იქნებოდა რომ ხმაურზე გარეთ გამოვედი და გავიგე ეს ამბავი, სროლის ხმა ნამდვილად არ გამიგია. ძალიან კარგი გოგო იყო ორი ბავშვი დარჩა გასაზრდელი, ყველა შეძრწუნებულები ვართ”, – განაცხადა მაყვალა იაძემ.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ეჭვმიტანილი მამაკაცი, გიორგი დეკანოიძე, ახალციხელია იგი ბოლო 6 წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობდა, ცოლ-ქმარი განქორწინების პროცესში იყო და ისინი დღეს, ოფიციალურად სასამართლოზე უნდა გაყრილიყვნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. მომხდარზე გამოძიება სსკ 19. 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები