გიგა ბოკერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე – “ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად”

“ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ყველა ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.

„დიახ, დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და პროცესში მიუკერძოებლობის იმ ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბატონმა ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს.
​ჩემი აზრი ბატონი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია, იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, იმიტომ, რომ ბატონი კვიციანი ყველას გვახსოვს სად წავიდა – რუსეთში. იქ შეიფარეს. ბატონი ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს”, – აცხადებს ბოკერია.

​შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები