ზვიად ძიძიგური: დავით გარეჯის თემა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე იყო, უკეთესობისკენ დაიძრა და ეს ორივე მხარის დამსახურებაა

დავით გარეჯის თემა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იყო მძიმე, დაიძრა უკეთესობისკენ და ეს ორივე მხარის დამსახურებაა. მე ვგულისხმობ, როგორც პრემიერ გახარიას მიერ ჩატანილ სწორ გზავნილებს, ასევე ვამბობ, რომ არსებობდა პრეზიდენტ ალიევის მხრიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობა და სურვილი, რომ ეს თემა მოგვარებულიყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად ძიძიგური აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ჩანიშნულზე უფრო ხანგრძლივი იყო, პრეზიდენტი ალიევი ცალსახად აფიქსირებდა კეთილგანწყობას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის და საქართველოს, როგორც მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.

“ეს ფორმა არის ის, რაზეც ყველანი ვთანხმდებით: საპატრიარქო, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება, რომ ვიდრე არ დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მანამდე იქ აღდგენილი იყოს სტატუსქვო. ანუ, გადაადგილება მომლოცველებს და სამღვდელოებას შეეძლოთ თავისუფლად”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სტრუქტურების წარმომადგენლები გარკვეულ ფორმაზე ჩამოყალიბდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები