ლევან დავითაშვილი: თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობებს ვაძლიერებთ

ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს. როგორც დავითაშვილმა განმარტა, გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობის და ხარისხის კონტროლის საკითხები.

“თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ღვინის ლაბორატორიული ანალიზების მაღალი სტანდარტის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით. ლაბორატორია შეძლებს სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმომავლობის დადგენას. ამ მონაცემთა ბაზის შექმნით, ქართული ღვინის კონტროლის კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და გავზრდით სანდოობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ შპს “ღვინის ლაბორატორიას“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს, ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე. ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტურად აღწერილი მეთოდებით.

ლაბორატორიაში კვლევის მეთოდები ყოველწლიურად ახლდება; დივერსიფიცირებული ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით,მიმდინარეობს ღვინოების სხვადასხვა პარამეტრზე კვლევა.

2020 წლიდან, საინსპექციო და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იზოტოპური კვლევა ფალსიფიკაციის თავიდან აცილებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება. შესაბამისად, ღვინის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით და შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული კვლევები ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები