„წამლის ფასებზე შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ“ – ჯონდი ბაღათურია მედიკამენტების ფასების რეგულირების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი მირიან წიკლაური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით საკანონდებლო ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
ბაღათურიას განმარტებით, ისინი მედიკამენტების ფასების რეგულირებას მოითხოვენ.
ჯონდი ბაღათურიამ იმ კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებში მედიკამენტებზე განსხვავებულ ფასებს ასახავს.
„საკანონმდებლო ინიციატივა გვეკუთვნის ჩვენ, „ქართულ დასს“ და პარლამენტის წევრს, ბატონ მირიან წიკლაურს. ჩვენ ერთობლივად, 6 თვის წინ დავასრულეთ სააფთიაქო ბიზნესში სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთი და იგივე მედიკამენტი, უფრო დაბალი ხარისხის, ღირს 700, 800, ზოგ შემთხვევაში 1000- 1300 %-ით ძვირი, ვიდრე თურქეთსა და რუსეთში. საკონტროლო შესყიდვები განვახორციელეთ მოსკოვის, სტამბულის, რიზესა და თბილისის აფთიაქებში. შევისყიდეთ თურქეთში წარმოებული წამლები თურქეთში, რუსეთში წარმოებული წამლები მოსკოვში და საქართველოში წარმოებული წამლები თბილისში. საქართველოში ფასი რუსეთის და თურქეთის ფასებს აღემატება 700, 800, ზოგ შემთხვევაში 1300 %-ით. მაგალითად: წნევის მარეგულირებელი საშუალება „კაპტოპრილი“, 25 მილიგრამიანი, რუსეთში ღირს 19 რუბლი, ანუ 77 თეთრი, საქართველოში 9, 80 ლარი, ეს მაისის ფასია, ახლა კიდევ უფრო გააძვირეს. 13-ჯერ ძვირი ღირს საქართველოში წარმოებული პროდუქცია.
აქ მუშაობს დანაშაულებრივი, კორუმპირებული სქემა, აღმოჩნდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ფლობენ აფთიაქებს, ასევე ფლობენ ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ფაბრიკებს, არიან იმპორტიორები, ფლობენ სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორს. შესაბამისად, დაინტერესებული კომპანია, რომელსაც აფთიაქი აქვს და უნდა წამალი გაყიდოს, ფლობს საავადმყოფოს, ექიმიც იმისაა, ექიმი წერს იმ წამალს, რომელიც წარმოებულია, ან იმპორტირებულია ამ კომპანიის მიერ.
4 მონოპოლისტ კომპანიას შორის არის კარტელური შეთანხმება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არის ფასებზე შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ.
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მოსახლეობა ამ ბიზნესის მგლური, ხარბი მადისგან. ჩვენ შევისწავლეთ აშშ-ს, ბელგიის, გერმანიის ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, იაპონიისა და ინდოეთის მაგალითები, ესენი წამყვანი ქვეყნებია ფარმაცევტულ წარმოებაში, ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე, ყველგან არის პირდაპირი რეგულაციები. სახელმწიფო მწარმოებელ კომპანიას უდგენს ზღვარს, რამდენი პროცენტით ძვირად შეიძლება გაყიდოს მან თავისი პროდუქცია“- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები