მთის პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. მთის პრობლემების მოსაგვარებლად კონფერენცია, სახელწოდებით „SOS – საქართველოს მთა“, დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კონფერენციის მთავარ თემას მთის მოსახლეობისგან დაცლა და იქ არსებული მძიმე დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენდა. კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე წლების განმავლობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები შევლენ. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ეკონომიკისა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროები. დავით ნარმანიას განცხადებით, „აუცილებელად უნდა გადაიხედოს ის მოძველებული კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 1999 წელს შემუშავდა, რადგან ეს კანონი პრაქტიკაში ვერ მუშაობს. შესაბამისად, საჭიროა ახალი კანონის მომზადება, თუმცა, კანონის შექმნა არ არის პრობლემის მოგვარების უალტერნატივო გზა. ამასთან ერთად, სტიმულირების მექანიზმები და სხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს როგორც ხელისუფლების, ისე დონორი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ საკითხებს შეეხება და, პრაქტიკულად, ეს არის პირველი მოთელვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მაღალმთიანი რეგიონები. ამაზე დაყრდნობით, უკვე შემდგომ სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება მთის კანონს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, კანონპროექტი ექსპერტებმა უკვე შეიმუშავეს, თუმცა, თავად რეგიონული განვითარების სამინისტროშიც არის მთის კანონის მონახაზი, რომელზეც ბოლო ერთი წელია აქტიურად მიდის მუშაობა. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობდნენ: ჯანდაცვის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს 164 სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისგან, ხოლო 152 სოფელში ათი და ნაკლები კომლი ცხოვრობს.