სუიციდი, ძალადობა და აგრესია – რა როლი აქვს სკოლასა და ფსიქოლოგს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში

ბოლო პერიოდში მედიაში მოზარდების თვითმკვლელობის მრავალი სამწუხარო ფაქტი გავრცელდა. არასრულწლოვანები სიცოცხლეს სუიციდით ასრულებენ. მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს უჭირთ მიზეზებზე საუბარი. საზოგადოება პასუხებს ეძებს თუ რა უბიძგებს სკოლის მოსწავლეებს ასეთი ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმისკენ. სტატისტიკა კი უკვე საგანგაშოა. 

არსებობს, მოსაზრება, რომ მოზარდების სუიციდის  გახშირებული შემთხვევები ინტერნეტ თამაშს, “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ თამაშის არც ერთი შემთხვევა საქართველოში ოფიციალურად არ დასტურდება. და მაინც, რა არის გამოსავალი. რა მეთოდებს უნდა მიმართონ მშობლებმა რომ შვილები დაიცვან. რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმეში სკოლის როლი და უნდა მუშაობდეს თუ არა სკოლაში ფსიქოლოგი, რომელიც მოზარდებს პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.
“რეგიონული კვირა” თემის შესახებ ფსიქოლოგს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, იაგო ბალანჩივაძეს ესაუბრა.

“ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში და მსოფლიოშიც. სუიციდი, ძალადობა, აგრესია ეს ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს თანაკლასელებს შორის არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ.  შესაძლოა საქმე გვქონდეს ბულინგთან, რაც ნაკლებად აღიქმება და გვგონია რომ ეს ნორმალურია. ხდება ისეც რომ ბავშვი ჩამოყალიბებულია, ხოლო მშობელი იღებს, როგორც ბავშვს და ესეც პრობლემაა. ურთიერთგაგება არ არის, ბავშვი, როცა წამოიზრდება პიროვნული მე უვითარდება და ამ დროს, აქვს პრესტიჟის მოთხოვნა, თუკი მას აუგად მოვიხსენიებთ,ამას მტკივნეულად იღებს”,- ამბობს იაგო ბალანჩივაძე.

​ფსიქოლოგი თვლის, რომ მოზარდებში აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი მშობლებისგან შორს ყოფნაც არის. მისი თქმით, როდესაც მშობელს უწევს ემიგრაციაში წასვლა ბავშვისთვის, მშობლის ყურადღების ნაკლებობა რთული გადასალახია.
“არის შემთხვევები როცა აგრესიის მიზეზი არის ის, რომ მშობლები მიდიან საზღვარგარეთ, როდესაც ბავშვს უნდა დედის სიახლოვე ეს რთულია მათთვის და შესაბამისად, ხდება აგრესიული. როცა ხედავს რომ მის კლასელს დედამ მოაკითხა და მოეფერა, მეორე დღეს მივიდა და ამ ბავშვს ჩაარტყა,მაგრამ ამ საქციელს ვერ ხსნის, რატომ გააკეთა. ეს მის ქვეცნობიერში ხდება, იმიტომ, რომ მას სჭირდება მასთანაც მივიდეს დედა. გასაგებია, რომ მამა ან ბებია მას ყურადღებას არ აკლებს, მაგრამ ბიოლოგიურ დედას ვერავინ შეცვლის. ვერ ვიცლით შვილებისთვის. შვილებს უნდათ თანადგომა. მათ როგორც მეგობარს ისე უნდა ვესაუბროთ. თუ ჩვენი შვილისთვის დღეში ორი საათი იმ ასაკის ვიქნებით,რა ასაკისაც თვითონ არის – გაცილებით უკეთესი იქნება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი იგრძნობს, რომ მშობელი მასთან არის”,- აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რა პოზიცია აქვს სკოლას, ამის შესახებ “რეგიონული კვირას”  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, ნანა კაცაძე ესაუბრა.  პედაგოგი თვლის, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში ოჯახთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგისა და მასწავლებლის როლს.  

“ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და ფსიქოლოგის როლი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. ბავშვს ძირითადად სამ სფეროში სჭირდება სიმწიფე. ეს გახლავთ ფიზიკური სიმწიფე, რომელზეც პასუხისმგებელი ოჯახია, მაგრამ ოჯახთან ერთად რა თქმა უნდა სკოლაც. მეორე – ფსიქო-სოციალური სიმწიფე, თუმცა სამწუხაროდ, ოჯახი თვლის, რომ სოციალური სიმწიფე ბავშვისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია და მაინც მატერიალურ მხარეს უფრო ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას. (ამის ნათელი მაგალითია საზღვარგარეთ წასული არა ერთი მშობელი, რომელთა შვილები მოკლებულნი არიან მორალური განვითარების პრინციპებს, რაც ბავშვს ძალიან სჭირდება სულიერი ჩამოყალიბებისათვის. ამით იმატებს მათში აღგზნების დონე, ხშირ შემთხვევაში აგრესიულები ხდებიან ამხანაგების მიმართ,ამ დროს სჭირდებათ სწორედ ფსიქოლოგი, რომ იყოს აღმოჩენილი სათანადო დახმარება). მესამე, რაც სჭირდება ბავშვს ეს არის პიროვნული სიმწიფე, როგორ მოახდენს ადაპტაციას სასწავლო გარემოზე, რაშიც მას ძირითადად ეხმარება დამრიგებელი. დამრიგებელს აქვს ვალდებულება, რომ იზრუნოს არა მხოლოდ ბავშვის საგნობრივ კომპეტენციაზე არამედ, მისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე”,- ამბობს პედაგოგი.
სასწავლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის აუცილებლობაზე თანხმდებიან მშობლებიც. როგორც ერთ-ერთი მშობელი, ნინო იობიძე “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნავს, სკოლაში არამხოლოდ უნდა იყოს ფსიქოლოგი არამედ, ისწავლებოდეს კიდეც ფსიქოლოგია და რელიგია.

“სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია, რადგან ბავშვები ჩამოყალიბებული არ არიან და ყველაფერს ვერ აცნობიერებენ. აუცილებელია ფსიქოლოგის და რელიგიის სწავლებაც,რაც გრესიის შემაკავებელი იქნება“,- ამბობს ნინო იობიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები