ახმეტაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ლაგოდეხის შემდეგ, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საველე სამუშაოები 64 000 ჰა ფართობზე ხორციელდება, რომლის საფუძველზე ათწლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1991 წელს განხორციელდა.
ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე არიან დასაქმებულები. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს.
საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვლი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა.
ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები.

კომენტარები

კომენტარი