“თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს” – განათლების რესურსცენტრის პასუხი წყალტუბოს სკოლის დირექტორის ყოფილ მოადგილეს

წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აკაკი ტყეშელაშვილის თქმით, წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა, სკოლის დირექტორს გიორგი ბენიძეს დავალება მისცა, რომ ის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

“2014 წლიდან აღნიშნულ სკოლაში ვიკავებდი დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2019 წელს გამათავისუფლეს და მიზეზად პროფესიული წესრიგის დარღვევა დამისახელეს, თუმცა პარადოქსია ის, რომ მასწავლებლად დამტოვეს. გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო დირექტორმა, ჩემი ღრმა რწმენით, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბატონი ჩხეტიანის მოთხოვნით. მასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა მქონდა, რაც სკოლაში რეაბილიტირებული გათბობის სისტემის უხარისხოდ გაკეთებამ განაპირობა. მე ამაზე მქონდა მოთხოვნები, რომ დამხმარებოდა ჩხეტიანი, გაეწია შუამდგომლობა შესაბამის ორგანოებთან, რათა სკოლაში გაკეთებულიყო ხარისხიანი გათბობა. პირველ ჯერზე მითხრა, რომ მიიღო დაპირება, რომელიც საქმეში არ გამოიკვეთა. შემდეგ იძულებული გავხდი, მიმდინარე წლის იანვარში სიცივის გამო სასწავლო პროცესი შეგვეწყვიტა. რის შესახებაც საქმის კურსში ჩავაყენეთ განათლების სამინისტრო. ამის შემდეგ იძულებული გახდა, მეორედ ჩაეტარებინა ტენდერი, თუმცა მეორე ტენდერშიც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები. ესეც გავაპროტესტე, რამაც ჩვენი ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ის უკვე ითხოვდა ჩემგან რომ გავჩუმებულიყავი, რომ ისედაც არ მოვწონდი ხელისუფლებას და რა გეშარება, დაგატოვებინებენ სამსახურსო”, – ამბობს ტყეშელაშვილი.

აკაკი ტყეშელაშვილი ასევე ამბობს, რომ შეეცადა ყველა შესაბამისი ინსტანციისთვის მიეწოდებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ შედეგი არ მოჰყვა. პედაგოგი ამჯერად განათლების მინისტრს მიმართავს, რომ საქმეზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი კი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და “რეგიონულ კვირასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ტყეშელაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება ამავე სკოლის 40-მდე პედაგოგის განცხადების საფუძველზე მოხდა.

“ბრალდება იმის შესახებ, რომ აკაკი ტყეშელაშვილი ჩემი დავალებით ან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, სიცრუეა. მე, რა თქმა უნდა, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დავინტერესდი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით, მაგრამ ეს არის ერთპიროვნულად სკოლის დირექტორის გადასაწყვეტი. მე როგორც ვიცი, მის გათავისუფლებაზე 40-მდე პედაგოგს ჰქონდა ხელმოწერა და პრეტენზია, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. პედაგოგები მას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ის ისევ რჩება პედაგოგად სკოლაში, იმიტომ, რომ პედაგოგებს მასთან ჰქონდათ პრობლემა როგორც ზემდგომთან და არა როგორც პედაგოგთან. დანარჩენს სასამართლო დაადგენს”,- ამბობს მამუკა ჩხეტიანი.

კომენტარისგან თავს იკავებს წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, რომელსაც აკაკი ტყეშელაშვილი ასევე უსაფუძვლო გათავისუფლებაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ბენიძე “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

“მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რა თემებზე ისაუბრა ბატონმა აკაკიმ, მას აქვს აბსოლუტური უფლება საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის, საქმეზე მიმდინარეობს პროცესი და სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას. მანამდე კი თავს შევიკავებ კომენტარისგან”, – ამბობს გიორგი ბენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები