ზვიად შალამბერიძე: ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ მიმავალი უალტერნატივო გზაა

ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები.

“დღეს ვმასპინძლობთ ნატოს წარმომადგენლობას იმერეთში. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი დღეები საქართველოში იმართება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, სახელმწიფო მოხელეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს და სხვებს, თუ რა არის ნატო ჩვენთვის, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, რომ ეს გზა აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების და კეთილდღეობის მომტანი”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

ღონისძება საქართველოში მიმდინარე “ნატოს დღეები 2019-ის” ფარგლებში გაიმართა.
წლევანდელი ნატოს დღეები 3 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გიოტმიოლერის, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრით გაიხსნა და 30-31 ოქტომბერს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.
ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია, საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება.
კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან და ა.შ.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები