რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება – 8 საათიანი მანძილი წითელი ხიდიდან სარფამდე 4-4.5 საათამდე შემცირდება

რეგიონში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამობილიზაციო სამუშაოების 75%-ზე მეტი დასრულებულია და დარჩენილი რესურსების მობილიზება ხდება. აღნიშნულ მონაკვეთზე, 20 გვირაბიდან, სამუშაოები მიმდინარეობს 7 გვირაბზე და 35 ხიდიდან 11 ხიდზე. ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება, ამასთანავე გრძელდება მიწის და სხვა ტიპის სამუშაოები.

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება ხდება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუჯობესებისათვის, როგორც მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები