“სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, როდესაც ადამიანს რაღაც უჭირს ვცდილობ დავეხმარო” – 25 წლის გმირი ბათუმიდან

25 წლის ახალგაზრდამ შტორმის დროს სამი მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. გმირი, რომელმაც შტორმის მიუხედავად, სამი მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა, 25 წლის მამუკა ხილაძეა. მას მაშველად არასდროს უმუშავია, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. საკუთარი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, მამუკა ხილაძე “რეგიონულ კვირას” უყვება. 

“სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, როდესაც ადამიანს რაღაც უჭირს ვცდილობ დავეხმარო, მითუმეტეს თუ სანაპიროზე ხარ და ხედავ ზღვაში ვიღაც იხრჩობა, მაგ მომენტში საკუთარ თავზე და იმ საფრთხეზე არ ფიქრობ, რაც შეიძლება შენმა ქმედებამ გამოიწვიოს. გადაარჩენ ან ვერ. მიხარია რომ გამომივიდა და დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს იმავეს გავაკეთებდი. მიხარია, რომ სამივე მათგანი ჯანმრთელები და უვნებლები არიან”,- ამბობს მამუკა ხილაძე.

მამუკა საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტია, საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა, თანხის შესაგროვებლად იგი ზაფხულის განმავლობაში “შეზლონგები” გამქირავებლად მუშაობდა. ორი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს ასე, მხოლოდ სეზონური სამუშაოებიდან აღებული ანაზღაურებით იხდიდა. ბოლო პერიოდში კი მას არ გაუმართლა და სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.  
“ხან თხილის საკრეფად დავდიოდი, ხან სხვა სეზონურ სამუშაოებს ვასრულებდი, ბოლო დროს შეზლონგებს ვაქირავებდი, თუმცა დღეში მხოლოდ 30 ლარს ვაგროვებდი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ოჯახსაც მე ვარჩენ, სწავლა ძალიან მიყვარს მაგრამ თანხის გადახდა ვერ მოვახერხე”,
– ამბობს 25 წლის მამუკა
მამუკა პროფესიონალი მოცურავეც არის, კარგად იცის შტორმს როგორ დაუძვრეს. არ აქვს შიში, რაც მას ბევრი სირთულის დაძლევაში ეხმარება.

“ტალღა უცებ გღლის, მერე კი უკან გამოსვლა გიჭირს. როცა ტალღა სიმაღლეში მიდის არ უნდა აჰყვე,  ქვემოდან უნდა მოექცე და მაღლიდან არ უნდა დაგეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი დაახრჩოს ან სერიოზულად დააზიანოს“,– ამბობს მამუკა.

მამუკა თავს მაშველს უწოდებს, სანაპიროზეც ყველას ამ პროფესიის ადამიანი ჰგონია. როგორც თვითონ ამბობს, ყოველწლიურად ზღვის ტალღების მსხვერპლის გადარჩენა უწევს. სწორედ მისი გმირობა გახდა მიზეზი იმისა, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს საზღვაო სასწავლებელმა, “ანრიმ” სწავლის გაგრძელების უფლება მისცა და მესამე კურსის გადასახადისგან გაათავისუფლა.
“იმას, რასაც ვაკეთებ, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები, მერე რა, რომ ადამიანის გადარჩენა ჩემთვის არავის დაუვალებია, საჭიროების შემთხვევაში, ამას შემდეგშიც სიამოვნებით გავაკეთებ. მგონია, რომ არანაკლებ ვასახელებ უნივერსიტეტს, სადაც სწავლის გაგრძელება უკვე შემიძლია”, – აღნიშნავს მამუკა ხილაძე.

მამუკა გემის მოტორისტის სპეციალობაზე სწავლობს, სასწავლებლის დასრულების შემდეგ მეზღვაურობას გეგმავს. მანამდე კი ისევ ზღვაში მოცურავეების მოდარაჯე, გმირი მაშველი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები