ივანე მაჭავარიანი: გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას

გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან განაცხადა, ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გერმანია და საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

„ჩვენი თანამშრომლობა გერმანიასთან ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო საფრანგეთთან – საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) და PROPARCO-ს მეშვეობით. განვითარებისთვის თანამშრომლობაში გაწეული დროული და ეფექტური, ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი მხარდაჭერის გამო, თქვენ წარმოადგენთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს საქართველოსთვის”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზის გაუსვა ენერგეტიკის სექტორში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის” ფარგლებში KfW-სა და AFD-სგან დამატებით მიღებული ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმებისადმი. კერძოდ, KfW-სა და AFD დახმარებით მომზადდა და ხელი მოეწერა ოთხწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს გერმანიის მთავრობისაგან 49 მილიონი ევრო, ხოლო საფრანგეთის მთავრობისგან მივიღეთ 25 მილიონი ევრო. დღეს სწორედ ამ პროგრამის II ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელს ვაწერთ ორ ხელშეკრულებას KfW-თან და AFD-თან, თითოეული – 60 მილიონი ევროს ოდენობით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთს რესპუბლიკის მთავრობებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც წლების მანძილზე უწევენ საქართველოს.

„ეს პროგრამები ვერ განხორციელდებოდა KfW-სა და AFD-ს ადგილობრივი ოფისების ეფექტური და პროდუქტიული მუშაობის გარეშე. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ორივე წარმომადგენლობის გუნდთან და თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო ფართოვდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

1992 წლიდან , გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სექტორში დაფინანსებისთვის გამოყოფილია, ჯამურად, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით.

AFD-ს და PROPARCO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. თანამშრომლობის პერიოდში უკვე გამოიყო, დაახლოებით, 400 მილიონი ევრო სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები