„სატაქსო მაფიაზე ოცნებას თავი დაანებონ, არ არის გამორიცხული, სატაქსო რევოლუციის მსხვერპლიც გახდნენ“- ჩხარტიშვილი ტაქსისტებთან ერთად აქციებს აანონსებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ტაქსის მძღოლებს მოუწოდებს, ახალი საპროტესტო გამოსვლებისთვის მზადება დაიწყონ. როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალმა რეგულაციებმა ტაქსის მძღოლების მდგომარეობა დაამძიმა.

ჩხარტიშვილი მძღოლებს დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნასაც სთავაზობს.

„ივანიშვილი- კალაძის კორუფციული, ოლიგარქიული დუეტი ზეიმობს დროებით გამარჯვებას საკუთარ ხალხზე, ტაქსის მძღოლებზე, რომელთაც დასაქმების სხვა საშუალება არ გააჩნიათ. ქვეყანაში კატასტროფული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. იმის ნაცვლად, რომ ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიდეს ხელისუფლება, მან გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს და შექმნას სატაქსო მონოპოლია. პირდაპირ რომ ვთქვათ, საკუთარ ინტერესებს შესწიროს ათი ათასობით ადამიანი. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს, მხოლოდ 10 %-მა შეძლო თეთრი ფირის გადაკვრა მანქანებზე, მძღოლების 90 % უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ისინი ან საერთოდ უმუშევრად დარჩნენ, ან მონურ პირობებში აღმოჩდნენ სხვადასხვა კომპანიების ქვეშ, იქნება ეს რუსული „იანდექსი“ თუ სხვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში თუ არა, კვირებში მაინც, ბაზარზე გაჩნდება მრავალი, ახალი თეთრი ფერის ტაქსი, ერთი ან ორი ახალი კომპანია, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ივანიშვილთან და კალაძესთან. აღნიშნული იქნება ახსნილი მგზავრებზე ზრუნვით. მგზავრებს გაუძვირდათ გადაადგილება, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. კახი კალაძე რამდენიმე თვის წინ ურცხვად აცხადებდა, რომ თურმე მილანური ფასები კარგი ყოფილა საქართველოში, ბანგლადეშური ხელფასის ფონზე.

ტაქსის მძღოლებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ვმართავდით აქციებს, შემდეგ ტაქსის მძღოლების ნაწილი ხელისუფლებამ შეცდომაში შეიყვანა, განაცხადეს, რომ თითქოსდა პარტიების მონაწილეობა საზოგადოებრივ პროტესტში ცუდია, რაც აბსურდია. მოვუწოდებთ ტაქსის მძღოლებს, დავიწყოთ მზადება ახალი საპროტესტო გამოსვლებისთვის. ამასთან, შეიქმნა სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში, ტაქსის მძღოლთა დამოუკიდებელი პროფკავშირისა, მათ ჩვენ დავეხმარებით, რომ „ლეიბორისტურ პარტიაში“ კი არ გაწევრიანდნენ, არამედ შექმნან რეალური პროფკავშირი და ამ გაერთიანების გზით მოახერხონ ის, რომ გააუქმონ, უსარგებლო, დრაკონული, თითიდან გამოწოვილი რეგულაცია, რაც ეხება ფერს.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება ტაქსის მძღოლების გადარჩენისაკენ, მათ შორის პარტიზანული ქმედება მისასალმებელია. მათ შორის ჩვენი იდეაა, ტაქსის მძღოლებმა დროებით შეითავსონ გიდისა და ტუროპერატორის ფუნქციები და ტურგადამზიდველები, ტუროპერატორები დაირქვან , გზაში როცა გადაადგილდებიან გიდის ფუნქცია შეითავსონ. „ტურიქსი“, „ტურაქსი“, როგორც გინდათ, ისე დავარქვათ.

ივანიშვილმა და კალაძემ სატაქსო მაფიაზე ოცნებას თავი დაანებონ, სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, არა რის გამორიცხული, სატაქსო რევოლუციის მსხვერპლიც გახდნენ, რაც ჩვენ არ გვინდა. გვინდა, არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ, კანონის ფარგლებში“- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.

A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.

A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.

მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები