“ემზარ კვიციანის მიმართ მუქარა ხორციელდება“ – ადვოკატი დეპუტატის დაკითხვის დეტალებზე საუბრობს
დეპუტატ ემზარ კვიციანის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სამართალდამცავ უწყებას დეპუტატის მიმართ განხორციელებული მუქარების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინა. როგორც მჟავანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გაამახვილოს და შეფასება გააკეთოს.
მისი თქმით, პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის საქმეზე ემზარ კვიციანი სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დაკითხეს.
„2 დღის წინ, 2 ოქტომბერს დაგვიბარეს პოლიციაში, ვინაიდან 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე დაიწყო გამოძიება ძალადობის კუთხით. პირები გამოიკითხნენ მოწმის სახით, რომლებიც ემზარ კვიციანის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ. პოლიციამ ჩათვალა საჭიროდ ბატონი ემზარისთვისაც დაესვათ კითხვები. ჩვენ მივეცით ჩვენება, სადაც ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გავეცით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდებოდა პარლამენტთან, ჩვენ ასევე მივიტანეთ მტკიცებულებები, თუ როგორ ხორციელდებოდა მუქარა, ძალადობა, ხულიგნობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც იქ იყო. ეს იყო დევნა ემზარ კვიციანის მიმართ. პარლამენტთან აქცია მიმდინარეობდა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცხვრებიც მიიყვანეს, ვინც მათ უჭერს მხარს, ცხვრები არიანო. „პატრიოტთა ალიანსმა“ და ემზარ კვიციანმა მთავრობას მხარი არ დაუჭირეს. გაუგებარი იყო ამ პიროვნების მიმართ რატომ იყო ასეთი აგრესია. გამოვიდა , თუ არა შენობიდან იყო შეურაცხყოფები, შეძახილები, ფიზიკური შეურაცხყოფები, ეხებოდნენ ამ ადამიანს, ჩაჰყვიროდნენ ყურში. ბატონი ემზარი იცავდა აფხაზეთს, 1992 წელს კოჩარასთან იქნა კანტუზირებული. წარმოიდგინეთ, როცა კანტუზირებულია ადამიანი და ყურში ჩაჰყვირი, ეს არ ის საშინელი ტკივილი.
კვიციანის მიმართ მუქარები სოციალურ ქსელში გაგრძელდა, ჩვენ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარვადგინეთ. მუქარები იყო მაგალითად ზუკა ბერძენიშვილის მხრიდან, რომელიც ბევრს საუბრობდა ამ ფაქტის შესახებ. მუქარა იყო სიცოცხლის განადგურებაზე. ბერძენიშვილმა თქვა, გვინდოდა ამ ადამინის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, ვერ შევძელით, მაგრამ მომავალში გავაკეთებთო. მანვე „ტვ პირველზე“ პირდაპირ თქვა, ამ კაცს მიწაში ჩავდებთო. მუქარა ახლაც არის, გრძელდება.
ჩვენ ამის მტკიცებულებები მივიტანეთ. ვფიქრობ, გამოძიებამ ამ კუთხითაც უნდა გაამახვილოს ყურადღება და შეფასება მისცეს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ დეპუტატის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა.
„დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ძალიან მალე შეწყდება ეს საქმე „- აცხადებს მჟავანაძე.
ცნობისთვის, შსს-მ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი პარლამენტის შენობის წინ მოხდა, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები კვიციანს “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
თამუნა შეყილაძე