ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას 1000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოტიაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა. ამასთან, კობაიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება, ადვოკატების უკანონოდ დაკავების ტენდენცია.
“სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული. ვინაიდან, მიგვაჩნდა, რომ არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი. ძალიან ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტენდენცია გრძელდება, როცა უკანონოდ ხდება ადვოკატების დაკავება, რაც მთავარია, მათი საქმიანობიდან გამომდინარე. ეს არის ძალიან დიდი მინუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მართლსაჯულებისთვის. ჩვენთვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა 3000 ლარიან გირაოს დააკმაყოფილებდა, თუ 1000 ლარს. აქ იყო არსობრივი საკითხი და ეს გახლავთ, რომ საერთოდ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული. არ ეყო მოსამართლეს იმის გამბედაობა , რომ თავისივე განჩინება შეეცვალა, რომლის საფუძველზეც ნაირა ოტიაშვილის დაკვება მოხდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ აღნიშნული განჩინება აღკვეთის ღონისძიების შესახებ გავასაჩივროთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ 1000 ლარს ჩვენი კოლეგები თუნდაც სათითაო ლარით შეაგროვებენა”,-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საქმე არის ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაცია და დევნა .კობაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის აქციებითაც.