ნათია თურნავა: აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი
ჩვენს სამინისტროს ხშირი კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და ჩვენ პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული“, – განმარტა ნათია თურნავამ.
ამასთან, მისასალმებელია, რომ მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველო ბიზნესის გაუმჯობესების თვალსაზრისით დაწინაურდა.
“მთლიანობაში შემიძლია ერთი რამ შეგახსენოთ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით – 183 ქვეყანას შორის ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის მარტივი რეგულაციები“, – განაცხადა თურნავამ.