ანრი ოხანაშვილი: მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო რეგიონში ლიდერია
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება; აღნიშნული კვლევა მიუთითებს საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებაზე 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კვლევის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია.
„მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება; აღნიშნული კვლევა მიუთითებს საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებაზე 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საქართველომ მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს − ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, მალტას, ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვას, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, საბერძნეთსა და ბულგარეთს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მონაცემებით, საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს ექვსი ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.