გიორგი ცუცქირიძე: სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ 2020 წლის ბიუჯეტით ხელისუფლებას ამომრჩეველზე ზემოქმედება სურს
საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ 2020 წლის ბიუჯეტი სპეციალურად საარჩევნო წლისთვისაა შედგენილი, რათა ხელისუფლებამ ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინოს.
2020 წლის ბიუჯეტის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ბიუჯეტს – გარკვეული სპეკულაციებია ძირითადად ოპოზიციური ფლანგიდან, რომ თითქოს ეს არ საარჩევნო წლისთვის, სპეციალურად შედგენილი ბიუჯეტი, ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით, ანუ მის მოსასყიდად. ეს ოპოზიციური ფლანგის აზრია. ამას არაფერი საერთო არ აქვს ამ ბიუჯეტის პროექტთან. ავხსნი რატომ: ამ წლის ბიუჯეტი რომ ნახოთ, საპროგნოზი მაჩვენებლები როგორია, როგორი იყო ბიუჯეტის პარამეტრები, ვნახავთ, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაზრდილია. როცა საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება, ეს კარგია და მაშინ ხდება ხოლმე ბიუჯეტის გარკვეული კორექტირება მომავალ წელზე. ამ ტიპის ზრდა რომ არ ყოფილიყო შემოსავლებში, ალბათ ეს ბიუჯეტი ამ ფორმით არ დაიგეგმებოდა. საბიუჯეტო შემოსავლებსა და მის ზრდის მაჩვენებლებზე როცა ვსაუბრობთ, რს დაახლოებით 10 მილიარდ 500 მილიონია პროგნოზი წლის ბოლოს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, უფრო მაღალი, ვიდრე იყო დაგეგმილი. წელს არის 4,5 %-ზე ეკონომიკური ზრდა. 5 %-იანი ზრდაა ჩადებული 2020 წელს და კიდევ უფრო მაღალი გამოწვევებია უახლოეს 3 წელიწადში. 2012 წელს არის 5,5 და 2022 -ში 6 %-ია. ეს არის ძალიან მაღალი ზრდა, არა მხოლოდ რეგიონის თვალსაზრისით, არამედ, ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით“- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, 700 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი უფრო სოციალურად ორიენტირებული ხდება.
„საკითხი ასე უნდა დავსვათ – მზარდი საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში როგორ შეიძლება ბიუჯეტის ხარჯები გადანაწილდეს. უფრო გასაგები რომ იყოს ავხსნი: აქამდე, ძირითადად, ბიუჯეტის ხარჯები, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა, ძირითადად ნაწილდებოდა ჯანდაცვის ხარჯებზე, პენსიების მომსახურებასა და ეკონომიკის სტიმულირებაზე. წელს პირველად, ბოლო წლებში უფრო დაბალანსებულია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ჩადებულია არა მხოლოდ პენსიების ზრდა, არამედ ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ეხება განათლების სფეროს, ასევე ხელფასები ეზრდებათ სხვა მიმართულებას, მაგალითად თავდაცვის სფეროში, ასევე პოლიციის დაფინანსება იზრდება. საბოლოო ჯამში 700 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი ხდება უფრო სოციალურად ორიენტირებული. ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ სოციალური ტვირთი ეკონომიკური ზრდისთვის არასასურველია. რადგან ჯობს, რესურსები გადანაწილდეს უფრო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ბუნებრივია, ეკონომიკის სტიმულირება არის ერთი, მაგრამ არის სოციალური ვალდებულებები, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ეს დაფინანსება კი არ ნიშნავს, რომ მარტო 2020 წელს მოხდება ხელფასების ამ ტიპის ზრდა, ეს უახლოეს წლებშიც გაგრძელდება, ანუ ეს სოციალური პოლიტიკა იქნება მანამდე, სანამ არ გაძლიერდება ბიზნესი, კერძო სექტორი. პირველ რიგში, საუბარია საშუალო და მცირე ბიზნესზე ,,რომელიც არის ყველაზე დიდი დასაქმების კონტრიბუტორი ეკონომიკაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი უფრო დაბალანსებული ბიუჯეტი – წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, როცა იზრდება ხელფასები და ადამიანებს აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი, იზრდება ეკონომიკის მსყიდველუნარიანობა. ეს საერთო მოხმარებაზე უფრო დადებითად აისახება. მეორე, რაც დაკავშირებულია ამ სტრატეგიასთან, ითვალისწინებს ინკლუზიური ზრდის პრინციპებზე გადასვლას. როცა ზრდა აისახება ყველა ფენაზე, მათ შორის იმ ფენებზე, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვალადია სიღარიბეზე“- განაცხადა.
გიორგი ცუცქირიძემ კომენტარი გუშინდელი შეხვედრის შესახებაც გააკეთა, რომელიც პრემიერმა ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან გამართა. ცუცქირიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბიუჯეტის გარდა, შეეხო ლარის კურსს, ეკონომიკის სტიმულირებას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.
„პირველ რიგში, მისასალმებელია, როცა მთავრობა ახდენს ექსპერტებთან დიალოგს. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ხდება აზრების გამოთქმა. რეკომენდაციის ხასიათსაც ატარებს, რადგან ხშირად ფართო მსჯელობაც იმართება.
ბიუჯეტი რეალურად გამოდის ბევრი ფაქტორიდან. პირველ რიგში, ბიუჯეტის ზრდა დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან. ის ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ბიუჯეტზე. ეკონომიკურ ზრდაზე სხვა ფაქტორებიც ზემოქმედებს, მათ შორის ინვესტიციები, როგორი ვითარებაა რეგიონში. როცა მსჯელობა ფართო სპექტრში იმართება, ეს პირველ რიგში მთავრობისთვისაა კარგი. ექსპერტული აზრი ყოველთვის უნდა მოისმინოს მთავრობამ“- განაცხადა ცუცქირიძემ.
თამუნა შეყილაძე