ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის სუიციდის ფაქტზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

​ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა დღეს წინასწარი დაკავების საკანში თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“2019 წლის 28 სექტემბერს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა ბრალდებული გ.წ. (დაბადებული 1983 წ., წარსულში ნასამართლევი), რომელსაც 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გ.წ.-ს  ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები.  სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა  მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”,- ნათქვამია განცხადებაში.
​ძმის მკვლელობაში ბრალდებული გ.წ-ს გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები