ირაკლი მეზურნიშვილი ეროვნული ბანკის ინიციატივაზე: ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აშშ დოლარზე, ხოლო მეორე მხრივ კი ლარის სტაბილურობას

დაჭერილი იქნება ოქროს შუალედი, რომლითაც მოსახლეობაც დაცული იქნება დამატებითი რისკებისგან, ბაზარიც მეტად იქნება დაცული ინფლაციისგან და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც დასტაბილურდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ეროვნული ბანკის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქება ბანკების რეგულაციებისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.

,,ეროვნული ბანკის ინიციატივის შეფასებისას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეგულაციების შემსუბუქება არ ნიშნავს ბანკების რეგულაციებისგან გათავისუფლებას. კერძოდ, 30-დან 25 პროცენტამდე უცხოურ ვალუტაში სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის შემსუბუქება ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რაც ბაზარზე დამატებით 700 მილიონამდე აშშ დოლარს გამოისვრის და ხელს შეუწყობს ერთი მხრივ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აშშ დოლარზე, ხოლო მეორე მხრივ კი ლარის სტაბილურობას. ჩანს, რომ დაჭერილი იქნება ოქროს შუალედი, რომლითაც მოსახლეობაც დაცული იქნება დამატებითი რისკებისგან, ბაზარიც მეტად იქნება დაცული ინფლაციისგან და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა, რომლის გამოც ხელისუფლებამ დააწესა ეს რეგულაციები, დღესაც გარკვეულწილად გამოწვევად რჩება. მთავარია, რომ მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინფლაციური რისკების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მისაღწევად.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი სრულად დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას, ის კოორდინაციაშია მთავრობის პოლიტიკასთან. ეს კი, თავის მხრივ პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,”- განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები