დიმიტრი ხაჩიძე: პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი მძიმე სურათს აჩენს

იურისტი დიმიტრი ხაჩიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი იყო, აცხადებს, რომ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი მძიმე სურათს აჩენს. ამის შესახებ ხაჩიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„მძიმე სურათია, მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილად მოსასმენი ეს გასაუბრებები. გასაგებია, რომ ოპოზიცია ცდილობს კრიტიკული კითხვები დასვას, მაგრამ იგივე კრიტიკულ კითხვებს სვამენ უმრავლესობის წევრებიც, როგორც მათივე კომენტარებიდან ჩანს, ხშირ შემთხვევებში კანდიდატთა პასუხებითაც არ არინ კმაყოფილები. ასეთ ფონზე ალოგიკური ხდება, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი საბოლოო კენჭისყრის დროს კანდიდატებს? მთავარი კითხვის ნიშანი, რაც არის ამ ვითარებაში : აქამდე რატომ მივიდა საქმე? იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ დანიშნული 5 წარმომადგენელია დღეს. წესით ეს კითხვები უკვე უნდა დასმულიყო. პარლამენტში უფრო სხვა კითხვები უნდა ისმებოდეს.
რატომ სჭირდება ხელისუფლებას ასეთი წარსულის მქონე მოსამართლეები? უნდა ვივარაუდოთ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლე ხელისუფლებას არ სჭირდება. რაც მეტი კომპრომატია მოსამართლეზე, რაც მეტი ცოდვა აქვს ჩადენილი, მით უფრო ადვილია მისი კონტროლი. თუ გადავხედავთ ამ საკითხს და ვიტყვით, რომ ამ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილებები, რაც თავის დროზე გახმაურებულ საქმეებზე მიიღეს, მიბმულია პოლიტიკურ ზეგავლენაზე ან თვითშეზღუდვაზე, მაშინ გამოდის, რომ ეს ხალხი ამაში გამოცდილი ხალხია. დავალების მიმღებიცაა და შემსრულებელიც. რატომ უნდა ეძებო ახალი, რომელთანაც შესაძლოა კითხვის ნიშანი გქონდეს, რომ დაგჭირდეს, გააკეთებს, თუ არა საქმეს?“- განაცხადა ხაჩიძემ.

იურისტი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 20-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ.

„140 კაციდან საბჭომ სია 20 კაცამდე დაიყვანა ორჯერადი კენჭისყრის შედეგად. საინტერესოა, რომელ სიაზეა საუბარი? იდეა ცუდი ნამდვილად არ არის. კონტრასტს დავინახავთ, კი ბატონო. მე, როგორც ერთ-ერთი მონაწილე, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოშია. ინიციატივას აქვს ორი კითხვის ნიშანი: თუ მაგალითად 140 კაციდან აირჩევა, შერჩევა როგორ უნდა მოხდეს? საინტრესოა. ყველას ალბათ ვერ დაიბარებენ პარლამენტში. ასევე მთავარია ეს ინიციატივა რამდენად იქნება მოწონებული პარლამენტის უმრავლესობის მიერ„ – განაცხადა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პარალელური მოსმენის მოწყობას აპირებენ. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, პარალელურ მოსმენისას ისინი იწვევენ იმ კანდიდატებს, რომელთაც უზენაესის მოსამართლეობის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ იუსტიციის საბჭომ არ აირჩია.

“დავინახოთ კონტრასტი იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ჩაჭრა იუსტიციის საბჭომ და რომელთაც აუნთო მწვანე შუქი. მე მგონია რომ თუ ამ ადამიანებს ექნებათ სურვილი, ჩვენ დავანახებდით პარლამენტს, თუ რას ართმევენ ისინი ხელისუფლებას. კვალიფიციური უზენაესის სასამართლოს ნაცვლად გვტენიან ვიღაცის ხელდასმულ მართვად მოსამართლეებს”.- განაცხადა ფოფხაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები