24 აგვისტოდან უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის – 12, ქვემო ქართლში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 49, აჭარასა და გურიაში – 27, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს.
“ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობის ფაქტები. ყველაზე მეტი – 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 39, აჭარასა და გურიაში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 7. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“ ამოიღეს.
სულ, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები