TBC ბანკისგან ნაცემი მოქალაქე მორალური და მატერიალური ზიანის სახით – 30 000 ლარს მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ TBC ბანკის წინააღმდეგ დაზარალებული მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რომელიც დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანის სახით, TBC ბანკისგან 30 000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

მათი თქმით, საზოგადოების პირდაპირ შეურაცხყოფას წარმოადგენს ერთ-ერთი წარმატებული ბანკის მენეჯმენტის პოზიცია, რომელმაც ფორმალური წუხილის გარეშეც დატოვა ბანკის სესხების ექსპერტის მხრიდან მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტი. ორგანიზაცია საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის ბანკის წარმომადგენლისა და მოქალაქის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეო-მასალას, რომლითაც ნაჩვენებია მოქალაქის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების პროცესი, ხარისხი, განზრახვის ფარგლები. მასალით დგინდება, რომ ბანკმა ფიზიკურ ძალადობამდე არავითარი ზომები არ მიიღო ფაქტის თავიდან აცილებისთვის. შემთხვევა ეხება 2019 წლის 3 ივნისს, თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. TBC ბანკის სესხების ექსპერტმა მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა მოქალაქეს სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის დადგენილებით, მოსარჩელე დაზარალებულად ცნეს.

“საქმეზე წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, დგინდება, რომ მოსარჩელემ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას მიმართა ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. პაციენტი კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით. მოსარჩელის მიმართ მოხდა ოპერაციული ჩარევა – სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების ჩასწორება და იმობილიზაცია, ყბების ან სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა ძვლოვანი გრაფტის ან უცხო მასალის გამოყენებით, სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები ყბებზე. მოსარჩელე, მიღებული ფიზიკური დაზიანებების გათვალისწინებით, დღემდე აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს. შესაბამისად, მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შეიცვალა მუხლის კვალიფიკაცია და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით (ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულთან შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა”,-ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​ცნობისათვის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, ზვიად გოგიაშვილმა სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. სასამართლომ საქმე წარმოებაში 2019 წლის 2 სექტემბერს მიიღო. მანამდე, 2019 წლის 2 ივლისს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. ზვიად გოგიაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე: ლია ავალიშვილი განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები