ივანე მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს და მას სიცრუეში ადანაშაულებს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მაჭავარიანის კაბინეტში კომპანიების დარეკეტება და იძულება ხდებოდა ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი სრულად გამჭირვალედ მიმდინარეობდა და ვინც ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, სარგებელიც ნახა.

„მან თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის კაბინეტში ხდებოდა დარეკეტება და იძულება ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომ იძულებით დათანხმებოდნენ ვალების განულებას. არაერთხელ მომიწია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება და მართლა სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა. იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა არც გამოხატა ინტერესი ამ პროგრამაზე, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება.

ვინც დარჩა და ვინც ამ ვალების ჩამოწერის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ სარფიანად იხეირა აბსოლუტურად ყველამ, რადგან იყო დიდი კომპონენტი უიმედო ვალების, რომლების ამოღება პრაქტიკულად ვერ ხდებოდა და აბსოლუტურად ყველას კომპენსირება მოხდა ერთი და იგივე განაკვეთით, რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები. წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას დიდი ტყუილით იწყებს, ხოლო რაც შეეხება ბიზნესს, მინიმალური ვალდებულებების შესრულება და გადასახადის გადახდა ყველას მოუწევს.

„მე არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს. ის, რაც ხდებოდა ჩემს კაბინეტში ადრე და მოხდება მომავალში, იქნება ერთადერთი – ერთის მხრივ პრობიზნეს გადაწყვეტილებები, მაგრამ იმავდროულად დაბალანსებული სახელმწიფო ინტერესის. მე მგონია, რომ ეს შუალედი ჩვენ გვიჭირავს და ისე ვიზამთ, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს, ოღონდ მარტივი დაშვებით, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და მინიმალური ვალდებულებები შეასრულონ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები