პრემიერის დავალებით, ტყიბულელ მეშახტეებთან პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად ნათია თურნავა ჩავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა ტყიბულის მეშახტეებთან ადგილზე ჩასვლა, რათა ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა ის დეტალი განიხილონ და გადაწყვიტონ, რამაც მეშახტეებისთვის პრობლემები წარმოქმნა.
“მოგეხსენებათ ტყიბულის მეშახტეების პრობლემების მოგვარება აქტუალური საკითხია, პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება და დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე, არა ვითარების გასაცნობად, რადგან ძალიან კარგად ვიცით და მე პირადად, წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი. რა პრობლემები აწუხებთ დღეს მეშახტეებს, ძალიან რთული და ამავდროულად, საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს. ჩემი დავალება არის, რომ ჩავიდე, კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა – კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვიცი, რომ მათ აქვთ გარკვეული გეგმა და კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, გადავწყვიტოთ პრობლემა, ეს არის ჩემი დავალება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.