გორის მერიამ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ხის კოტეჯები გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს ხის კოტეჯები გადასცა. ახალმოსახლეები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა მოინახულეს და კოტეჯების გასაღებები გადასცეს.
ლეილა დალაქიშვილი სოფელ ფლავში და ნაზი ქიტუაშვილი სოფელ ზერტში დღემდე, გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდნენ. ერთ მათგანს სახლი 27 წლის წინ, ხანძრით დაეწვა, მას შემდეგ იგი შვილთან ერთად ნათესავების ბინაში ცხოვრობდა. მეორე ბენეფიციარი კი ავარიულ სახლში, თითქმის ღია ცის ქვეშ ათევდა ღამეს.
აღნიშნული, კოტეჯები გორის მერიამ მიმდინარე წელს შეიძინა და უკვე 4 ოჯახს გადასცა საჩუქრად.
“კოტეჯის ტიპის ხის დროებითი ნაგებობები, რომლებიც გორის მერიამ უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიმდინარე წელს შეიძინა, აღჭურვილია წყლისა და გაზის გამათბობლებით, ასევე, გამართული შიდა კომუნიკაციით. მათ შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული კოტეჯებით დღემდე, უკვე 4 ოჯახი დაკმაყოფილდა, რომლებიც დროებითი საცხოვრისებით 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ”,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.