კომუნიკაციების ეროვნული კომისია: გიორგი რურუას არ აქვს ვალდებულება წარმოადგინოს ინფორმაცია ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2,5% წილის მფლობელს გიორგი რურუას არ აქვს ვალდებულება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია ფინანსური გამჭვირვალობისა და შემოსავლების შესახებ.

ამის შესახებ „კვირას“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს.

„როდესაც ჩვენ პირს ვაძლევთ მაუწყებლობის ავტორიზაციას, მას აქვს ვალდებულება ფინანსური გამჭვირვალობის და შემოსავლების შესახებ სხვა რიგ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს ინფორმაცია, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ავტორიზაციას ვერ მიიღებს. მაგრამ თუ ხდება მფლობელის შეცვლა ამ შემთხვევაში შემოსავლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას კანონი არ ითვალისწინებს, კომისიას ამის მოთხოვნის დელეგირება კანონით არ აქვს“, – განუცხადეს “კვირას” კომისიაში.

რაც შეეხება საჯარო რეესტრში ასახულ ინფორმაციას მფლობელის შეცვლის შესახებ, კომისიას აღნიშნული 10 დღის ვადაში უნდა ეცნობოს.

გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც 2 500 ლარი გადაიხადა. სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები